თბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. „აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის საბაჟო სამსახურმა მოამზადა გეგმა „საქართველოსთან საზღვარზე საბაჟო პუნქტების აღსადგენად“.
ამავე ინფორმაციით, რეგიონის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოსთან საზღვრის გასწვრივ არსებული მთელი ტერიტორია შეამოწმეს და საბაჟო პუნქტებისთვის შესაძლო ადგილები განსაზღვრეს. გეგმა წარუდგინეს ალექსანდრე ანქვაბს და მისი მოწონების შემთხვევაში საბაჟო სამსახური მზად იქნება ახალი საბაჟო პუნქტების ასამუშავებლად.
აფხაზეთის საბაჟო სამსახურის უფროსმა საიდ ტარკილმა განაცხადა, რომ გალის რაიონში არსებული სიტუაცია რთულია.„კონტრაბანდული საქონელი კვლავ შემოედინება საქართველოდან აფხაზეთში“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ტარკილის სიტყვებზე დაყრდნობით.
დეკემბრის დასაწყისში ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ სოხუმმა „საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზება უნდა მოახდინოს“.
მისი თქმით, იგი მდინარე ენგურზე მდებარე საზღვრის გასწვრივ ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირების მომხრეა.
„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უამრავი ხილი და ბოსტნეულია მაღაზიებსა და ბაზრებში [აფხაზეთში], რომელიც არალეგალურადაა შემოტანილი ქართულ-აფხაზური საზღვრის გავლით; თუმცა სახელმწიფოს არანაირი შემოსავალი არ აქვს ამ სავაჭრო ბრუნვიდან“, – განაცხადა ანქვაბმა.