პუბლიკაციები
„Goodbye, Mikheil“, ანუ როგორ ჩაატარებს აშშ არჩევნებს საქართველოში (ნაწილი პირველი –„ერთხელ ამერიკაში...“)

obama-mishikoსაქართველოში მიმდინარე დღევანდელი პოლიტიკური პროცესების ანალიზისა და მომავლის პროგნოზების გაკეთებისას არ შეიძლება ისეთი მოვლენის გაუთვალისწინებლობა, როგორიცაა 2012 წლის 30 იანვარს ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა.

სანდო წყაროების მტკიცებით, ეს შეხვედრა ქართველ გადასახადის გადამხდელებს რამდენიმე მილიონი დოლარი დაუჯდათ (სახელდება სხვადასხვა ციფრი – 2-დან 50 მლნ დოლარამდე), რომელიც მისი ორგანიზებისათვის სამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას – “The Podesta Group”, “The Ilfacta Goup” da “Gephardt Group”-ს გადაუხადეს.

შეხვედრა სულ 15 წუთს გაგრძელდა, ხოლო დანარჩენი, ვითომდა ერთ საათამდე დამრგვალებული წუთები წაიღო: ერთობლივმა ბრიფინგმა (პრეზიდენტთა მოკლე განცხადებებმა) მისი დასრულებისას და სამახსოვრო ფოტოსესიამ აშშ-ის პრეზიდენტთან, რითაც ობამამ არნახულად გააბედნიერა ქართული დელეგაცია (იხილეთ სლაიდშოუ „www.saqinform.ge“-ს მთავარ გვერდზე).

რთული მისახვედრი როდია, თუ რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა დახურულ კარს მიღმა 15 წუთის განმავლობაში: სავარაუდოდ, მხოლოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და საქართველოში მოსალოდნელ არჩევნებზე, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლისა და მის მიერ ამერიკელთა  სხვა ხელდასხმულებისთვის – თარგამაძის, ბოკერიას, ხიდაშელის, ალასანიას, უგულავასთვის – ძალაუფლების  გადაცემაზე (თანაც, აქედან პირველი სამი, ასევე, ვაშინგტონში იმყოფებოდა, მიშასგან სხვადასხვა მანძილზე...). იმიტომ, რომ 15 წუთის განმავლობაში კიდევ სხვა თემებზე მსჯელობა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ამას მოწმობს ის კაზუსიც – ბარაკ ობამა  იმ „დახურული“ 15 წუთის განმავლობაში ისე ხშირად წარმოთქვამდა სიტყვას „რუსეთი“, რომ ავტომატურად წამოსცდა იგი შემდგომაც – ბრიფინგზე, როცა საქართველოს შეცდომით რუსეთი უწოდა.

თუმცაღა, „თემების განხილვა“ – ზედმიწევნით ხმამაღალი ნათქვამია: სავარძლის კიდეზე  ჩამომჯდარმა გაყუჩებულმა სააკაშვილმა, როგორც ამბობენ, 15 წუთის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტისგან ჯერ მკაცრ ლექციას მოუსმინა დემოკრატიაზე, თანაც, ორგანიზატორებისგან წინდაწინ მიიღო კონკრეტული ინსტრუქციები – თუ რა და როდის უნდა ეპასუხა ობამასთვის; ხოლო ბრიფინგზე – არავითარ შემთხვევაში არ წამოსცდენოდა თავისი საყვარელი, ყოველ საჯარო გამოსვლაში გამოყენებული პასაჟები – პირსისხლიან ოკუპანტ რუსეთსა და პუტინზე, რომელიც ერთი ადგილით ჩამოკიდებას შეჰპირდა; და რაც მთავარია – საქართველოში დაბრუნების შემდეგ, არავითარ შემთხვევაში მეტად აღარ გაამწვავოს ურთიერთობები რუსეთთან და ხელი არ შეუშალოს ამერიკელ სპეციალისტებს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ისე ჩაატარონ, როგორც ეს ოფიციალურ ვაშინგტონს სჭირდება. ანუ – კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო და არა მისი – სააკაშვილის, პირადი ანდა ნაცპარტიული ინტერესების შესაბამისად.

ყინულოვანი შხაპივით გამოსაფხიზლებელი ამ სიურპრიზის გამო, თავისი არტისტიზმისდა მიუხედავად, სააკაშვილმა ამ დაბნეულობისა და უკმაყოფილების დაფარვა ვერ შეძლო. ობამასთან ტეტ-ა-ტეტ შეხვედრის შემდეგ პირველსავე წუთებში ყველაზე უყურადღებოებმაც კი შენიშნეს მისი დაბნეული მზერა და ისიც არ გამოჰპარვიათ, რომ ერთობლივი ბრიფინგისას საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს თვალს არიდებდა და გამუდმებით განზე იყურებოდა... სწორედ ამიტომ სააკაშვილმა დაგვიანებით შენიშნა, რომ მედიისათვის გაკეთებული განცხადების დასრულების შემდეგ ობამამ მას ხელი გაუწოდა!

მიუხედავად ამისა, როგორც კი სააკაშვილი ობამას დაემშვიდობა, მყისვე გამოერკვა მიღებული შოკისგან და თავის ჩვეულ, ნახევრად თავაშვებულ ფორმას დაუბრუნდა (ამ ორს გარდა ხომ არავის გაუგონია, თუ რა უსიამო სიტყვების მოსმენა მოუხდა რამდენიმე წუთის წინ დახურულ კარს მიღმა!). სააკაშვილმა ამაყად განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს: „მე არაერთხელ ვყოფილვარ ოვალურ კაბინეტში, თუმცა უწინ არასდროს დამიტოვებია იგი ასეთი კონკრეტული შედეგებით!“

და მაინც, როგორია ეს „კონკრეტული შედეგები“? მოდი, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია გავაანალიზოთ.

დავიწყოთ იმით, რომ საქართველომ ამერიკის პრეზიდენტისგან რეგიონული პირველობის მანდატი მიიღო „დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მოდელის შექმნისთვის“ (ისევე, როგორც თავის დროზე ჯორჯ ბუშ-უმცროსისგან – კავკასიაში „დემოკრატიის შუქურის“ წოდება). ეს სააკაშვილის მიერ მიღებული დივიდენდი იყო რუსეთის მსო-ში გაწევრებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ, უფრო მეტიც – საქართველოს ამის საწინააღმდეგოდ რომ მიეცა ხმა, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნებოდა, თუნდაც ზემოხსენებული ლობისტური კომპანიებისათვის 10-ჯერ მეტი მილიონი დოლარი გადაეხადათ! ეს ერთი.

მეორეც (რაც უფრო მნიშვნელოვანია), ეშმაკმა ობამამ განაცხადა: „მინდა, აღვნიშნო ის სამუშაო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარსულში ჩაატარა, და, ასევე, ველი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მომავალში“, და, ამასთან, თითქოსდა სასხვათაშორისოდ, დასძინა: „ხელისუფლების გადაცემა, რასაც ადგილი ექნება საქართველოში, ვფიქრობ, განამტკიცებს იმ მრავალ რეფორმას, რომლებიც უკვე მიმდინარეობს“.

ამის პასუხად, ცელქი მოსწავლესავით თვინიერმა მიშამ მიუგო, რომ მომავალ წელს საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რაც საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტად „განავითაროს“ ისედაც „განვითარებული“ ქართული დემოკრატია, რაც ხელს შეუწყობს პლურალისტული და მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემოს შექმნას.

საკითხავი მხოლოდ ისაა – საითღა უნდა განვავითაროთ ქართული დემოკრატია, თუკი ჯერ კიდევ 2005 წლის მაისში ამ სფეროში აშშ-ის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ გვაღიარეს?! და ხომ არ გადაიზრდება ჩვენი დემოკრატია ელემენტარულ ანარქიასა და თვითნებობაში, ხალხის მიერ „უმაღლესი ხარისხის თავისუფლებების“ შეძენის გამო?..

ურიგო როდი იქნებოდა, პასუხი თავად ბატონი ობამას ან ქალბატონი კლინტონისგან მოგვესმინა... თუმცა, დიდი ალბათობით, გამოთქმული თვალსაზრისი, რომელმაც ჩვენს პრეზიდენტს ფრთები შეასხა, ჩვეულებრივ ორმაგ ამერიკულ სტანდარტებს უნდა მივაწეროთ, პოლიტკონიუნქტურის ანდა მორიგი დიპლომატიური თავაზიანობის გამოისობით. რადგან, იმავე სტანდარტების მიხედვით, დემოკრატებად მიიჩნევიან ჩვენი მეზობლებიც – კავკასიის ქვეყნების, ანდა, იმავე პოლიტსაჭიროების გამო, უზბეკი და ტაჯიკი ლიდერებიც.

ანეკდოტური პოლიტიკური ამერიკანიზმების ნუსხა იოლი გასაგრძელებელია, თუმცა საფიქრებელია, რომ სააკაშვილისა და ობამას ოკეანისგაღმური შეხვედრის პრიზმაში განმსაზღვრელია ის, რომ საქართველოს ლიდერმა აშშ-თვის უკვე შეიძინა „დაცლილი მჭიდის ვაზნის“ სტატუსი. მას „ფარულად“ სთავაზობენ, მეტად აღარ იონავროს და დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს საქართველოში სამაგალითო არჩევნების (და საკუთარი გადარჩევის) ჩატარების შემდეგ. ნათელია, რომ ეს ყველაფერი შუბლში კი არ მიახალეს, როგორც უწინ ხდებოდა საბჭოთა რესპუბლიკებში პარტიული გადაადგილებების დროს, არამედ, მკაფიოდ ამერიკულ სტილში „happy end”.

თუმცაღა, სავარაუდოდ, მძლავრ ემოციურ სტრესს დაქვემდებარებული მგზნებარე კავკასიელის უყურადღებოდ დატოვებას ამერიკელები არ აპირებენ, მით უფრო, 08.08.08 ომის გაკვეთილების გათვალისწინებითა და მის მიერ ვაშინგტონის მესიჯების უმართებულოდ გაგების და, ასევე, თავად სააკაშვილის „უნებლიე“ გამონათქვამების შემდეგ, რომ იგი უარზე როდია, პრეზიდენტის სავარძელი პრემიერისაზე გაცვალოს. საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელის ეს „მოწოდებით მიზანსწრაფულობა“ არ შეიძლება არ აფრთხობდეს სააკაშვილის პატრონებს, რომლებიც საქართველოს სახით არა მარტო საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისა და ექსპერიმენტების ობიექტს, არამედ მსოფლიო ამერიკული წესრიგის დამყარების გზაზე ერთ-ერთ საკვანძო პუნქტსაც ხედავენ.

ნუ დავივიწყებთ, რომ დიდი ხნის წინ დაწყებულმა „საქართველო-ამერიკის მეგობრობამ“ დოკუმენტური დადასტურება ჯერ კიდევ 2009 წლის იანვარში მიიღო – „აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით“. იმის გარდა, რომ მასში ოფიციალურად კონსტატირებულია საქართველოს ახალი პატრონების გამოჩენა, მკაფიოდ არის განსაზღვრული ჩვენი „ოკეანისგაღმელი მეგობრების“ პრიორიტეტებიც. ეს, რა თქმა უნდა, ორსაუკუნოვანი, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორეს მიერ აღიარებული რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისა და მფარველობის დამადასტურებელი გეორგიევსკის ტრაქტატის პირწმინდა ასლი არ არის – დოკუმენტი თანამედროვე დიპლომატიის ენაზეა გაფორმებული, რომელიც მეგობრობისა და პარტნიორობის საფარველით საქართველოს სრული ამერიკანიზაციის დაკანონებას ახდენს, ვალდებულებათა ქსელში ახვევს და ამერიკულ მხარეს უფლებას ანიჭებს, მოიმოქმედოს ყველაფერი, რაც და როცა სურს.

ჯერ მარტო ეს სტრიქონები რად ღირს: „ხაზს ვუსვამთ, რომ თანამშრომლობა ჩვენს დემოკრატიებს შორის (ამერიკელების მიერ ყველაზე ხშირად განმეორებადი სიტყვა!) დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, მათ შორის – დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, კანონის უზენაესობისა და ადამიანთა უფლებების განმტკიცებაზე, ყველა ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლებების ჩათვლით, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ინოვაციების მხარდაჭერისა და ევრაზიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაზე“.

არსობრივად, ესაა ლამაზი სიტყვებისა და სენტენციების ნაკრები, რადგან ამერიკელებთან „საერთო ინტერესები“ და „საერთო ღირებულებები“ ცოტა გვაქვს. მიუკერძოებელი მიდგომის თანახმად, ამ განზომილებებში შეუძლებელია იყოს პარიტეტი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დიამეტრულად განსხვავებულ „წონით კატეგორიებში“ არიან. ერთი მათგანი ეს-ესაა ემშვიდობება თავის საბჭოთა წარსულსა და „შინაარსს“, ხოლო მეორემ – შესამჩნევი ხარვეზით დატოვა რასიზმისა და სეგრეგაციის „აკვანი“ 60-იან წლებში. გახსოვთ ანეკდოტი: „ისინი გვეუბნებიან – პროდუქტი ცოტა გაქვთ, ჩვენ კი ვპასუხობთ – სამაგიეროდ, თქვენთან ზანგებს ლინჩის წესით ასამართლებენ!“?

„დემოკრატიის განვითარება“, „ჩვენი დემოკრატიები“ – კმარა, ბატონებო!  მაშასადამე, „დემოკრატიის გასავითარებლად“, სწორედ აშშ-ის დახმარების შედეგად, ქარტიაზე ხელმოწერიდან ორწელიწად-ნახევრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სადამსჯელო სპეცოპერაცია მივიღეთ, რომელმაც 2011 წლის 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტიკად ცემა ათასობით მომიტინგეს (მათ შორის, ჟურნალისტებს!), და ათობით – სასიკვდილოდ?! ხოლო მოსკოვში, სადაც ბოლო თვეებში გამართულ მრავალათასიან მიტინგებზე, დასავლელი „დემოკრატებისა და უფლებათადამცველების“ დიდი სურვილის მიუხედავად, არ დაფიქსირებულა მომიტინგეთა შეურაცხყოფის არცერთი ფაქტი, (აღარაფერი რომ არ ვთქვათ ცემაზე, დაპატიმრებებსა და მკვლელობებზე!) – თურმე „სისხლიანი დიქტატურა სუფევს ჩეკისტი პუტინის ხელმძღვანელობით“?!

და მთლად დამცინავად აღიქმება სიტყვები „ლტოლვილთა ღირსეულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე“ (ჩანს, მათი თავდაპირველი ბინადრობის ადგილას). ისმის კითხვა: რის ხარჯზე, როდის და როგორ დაბრუნდებიან ისინი (დევნილები), როცა დღესაც კომუნალურ ჯურღმულებში შიმშილით სული ხდებათ, ხოლო პერიოდულად, ტექნიკური თუ კომერციული საჭიროებებისდა მიხედვით, ხელისუფლება იქიდან აძევებს კიდეც (ხშირად – სპეცრაზმის ხელკეტებით!)?!

(გაგრძელება იქნება)

საქინფორმი