აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა

petreusiiii-mishaaთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა.

„მიხეილ სააკაშვილმა და დევიდ პეტრეუსმა შეხვედრისას ბევრი აქტუალური საკითხი განიხილეს. საუბრის დროს გენერალმა ისიც გაიხსენა, რომ იგი ერთადერთი ამერიკელი გენერალი იყო, რომელიც ქართველ სამხედროებს ორ  ფრონტზე – ერაყსა და ავღანეთში, ხელმძღვანელობდა. როგორც დევიდ პეტრეუსმა მიხეილ სააკაშვილს განუცხადა, იგი აღფრთოვანებულია ქართველი ჯარისკაცების მამაცობით და მათი მებრძოლი სულით“, – განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საქართველოს პირველი პირისა და გენერალ პეტრეუსის შეხვედრა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბბინაში გაიმართა, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონის მახლობლად – ქალაქ ლენგლიში, ვირჯინიის შტატში.