თბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ამაწინათ პრესის საშუალებით ყოფილმა დეპუტატმა, პოლიტიკურ დევნილობაში მყოფმა ვალერი გელბახიანმა ქართველ საზოგადოებას მიმართა თხოვნით, დაუდგეს თავდებში, რათა საქართველოში ჩამოსვლა და ავადმყოფი დედის მონახულება შეძლოს.
როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტია უერთდება გელბახიანის მოთხოვნას.„პარტია „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს ვალერი გელბახიანის სამართლიან მოთხოვნას. მივიჩნევთ, რომ ბატონი გელბახიანი არის სრულიად უდანაშაულო იმ ბრალდებაში, რასაც მას ხელისუფლება უყენებს და რეალურად ის წარმოადგენს სააკაშვილის რეჟიმის მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირს. „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, მიეცეს ვალერი გელბახიანს უსაფრთხოების გარანტია, რათა მან შეძლოს ავადმყოფი დედის მონახულება“, – აცხადებენ პარტიაში.
ამასთან, გელბახიანის მოთხოვნას უკვე გამოეხმაურნენ და მხარი დაუჭირეს „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თეთრებმა“.
შეგახსენებთ, რომ გელბახიანის მიმართ, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის – ბადრი პატარკაციშვილის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, გენპროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გელბახიანს შეიარაღებული გზით სახელმწიფო გადატრიალების მზადება ედება ბრალად.