პოლიტიკა
ბაჩო ახალაია აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

tavdacva-axalaiaთბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბაჩო ახალაია აშშ-ის  თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას  ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა. ორმხრივ ფორმატში შეხვედრა ვაშინგტონში თეთრ სახლში საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

„აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, გაზარდოს დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით,  რაც გულისხმობს თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ხარისხში გადასვლას, არსებული პრიორიტეტული მიმართულებების გაღრმავებას, კონკრეტული წვრთნებისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას“, – განმარტავენ ახალაიას უწყებაში.

იმავე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ამიერიდან ამერიკული მხარე საქართველოსთან თანამშრომლობაში განსაკუთრებულ აქცენტებს გააკეთებს არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებისთვის ქართველი სამხედროების მომზადებაზე, არამედ უშუალოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და გაუმჯობესებაზე.