აქტუალური
თბილისი, 3 თებერვალი, საქინფორმი. „რესპუბლიკური პარტიის“ ვებგვერდის ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს.
იმავე ინფორმაციით, მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა. თინათინ ხიდაშელი სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომ მელიას შეხვდა. შეხვედრის დროს საქართველოში არსებული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა განიხილეს. მათ, ასევე, ისაუბრეს საარჩევნო კანონმდებლობის პრობლემებზე, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ სახელისუფლებო შეტევაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ხიდაშელმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს განუცხადა, რომ „რაც უფრო ახლოვდება არჩევნები საქართველოში, ვაშინგტონიდან პარტნიორებისა და მეგობრების ყურადღება და მუდმივი მონიტორინგი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან სხვაგვარად შესაძლოა, ხელისუფლების მოქმედებები უკონტროლო გახდეს“.ამასთან, ხიდაშელმა შესაბამისი მექანიზმების დროულად ამოქმედება ითხოვა სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს განყოფილების მხრიდანაც.
ვიზიტის ფარგლებში არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი ამერიკელ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.