სამართალი
შსს: „ჟურნალისტი სოფიო ნიკოლაშვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“

jurnalisti-nikolashviliთბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახეთის საოლქო პროკურატურამ ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა, რომელსაც ბრალად ვიცე-გუბერნატორის ძმისშვილის, 21 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო ტარება წაუყენეს.

„ინციდენტი 31 იანვარს, საღამოს, გურჯაანში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა, გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, რის შემდეგაც სოფო ნიკოლაშვილი პოლიციაში თვითონ მიიყვანა და სამართალდამცველებს გადასცა. გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი - გოჩა სიბაშვილი, გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა - გოგიტა სიბაშვილი კი კახეთის ვიცე-გუბერნატორია“, – ნათქვამია კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმავე ინფორმაციით, „სოფო ნიკოლაშვილი დავით ნიკოლაშვილის შვილია, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მანამდე კი „ქართული პარტიის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო“.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა დღეს შსს-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. „კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სოფიო დავითის ასული ნიკოლაშვილი დააკავეს, რომელიც საქართველოს სსკ-ის მე-19, 108-ე და 236-ე მუხლებითაა (მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება) ბრალდებული. დაკავებული მის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.