აქტუალური
რა შეთანხმება განიხილება ამერიკასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე?

Obama-Saakashvili2თბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანიძემ აცნობა, პარტია მოითხოვს, განემარტოს საზოგადოებას, კონკრეტულად, რა შეთანხმება განიხილება აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე.

„მიხეილ სააკაშვილმა ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ამ შეხვედრის შედეგად იქნა მიღწეული, არის თავდაცვის სფეროში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება.

აშშ-თან სამხედრო საკითხებში თანამშრომლობას მხოლოდ ავღანეთის მისიაში 14 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. ამას გარდა, ცნობილია, რომ საქართველო მიმდინარე წელს ავღანეთში კონტინგენტის 1 700-მდე გაზრდას გეგმავს. გარდა ამისა, არსებობს სამხედრო კონფრონტაციის საფუძვლიანი რისკები ირანთან მიმართებაში, სადაც ამ უკანასკნელსა და აშშ-ს შორის დიალოგის პროცესი ჩიხში შევიდა.

„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუმარტონ საქართველოს მოსახლეობას, კონკრეტულად, რა შეთანხმება განიხილეს ბარაკ ობამამ და მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სფეროში ურთიერთობებთან დაკავშირებით და აიღო თუ არა რაიმე ვალდებულება მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მონაწილეობაზე ირან-ამერიკის შესაძლო კონფლიქტში“, – აცხადებს ომანიძე.