საზოგადოება
„ლეიბორისტული პარტია“ „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივას უერთდება

leib-partiaთბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია” ოპოზიციური პარტიების მხრიდან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივას უერთდება.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები აღნიშნული ინიციატივით მიმდინარე წლის 11 იანვარს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოვიდნენ და ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი განცხადების პროექტი შესთავაზეს. კახა კუკავას განცხადებით, ხელისუფლებამ უარი თქვა ოპოზიციური პარტიების მიერ შეთავაზებულ წინადადებებსა და საერთაშორისო რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის გათვალისწინებაზე და, პრაქტიკულად, 2011 წლის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გააუარესა საარჩევნო და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. აღნიშნულმა ფაქტორმა განაპირობა ოპოზიციური სპექტრის ერთიან განცხადებაზე შეთანხმების აუცილებლობა, სადაც აღნიშნული იქნება, რომ არსებული კანონმდებლობის მიხედვით, 2012 წელს შეუძლებელია, საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

კუკავას პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ლეიბორისტული პარტია“ უკვე მეხუთე ოპოზიციური პარტიაა, რომელიც „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივას გამოეხმაურა. ოპოზიციური პარტიების ერთიანი განცხადების პროექტს უკვე შეუერთდნენ „ტრადიციონალისტთა კავშირი“, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, „საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობის და თანასწორობისათვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“.