პოლიტიკა
სააკაშვილი: „ხელცარიელი ჩვენ არ ვბრუნდებით“

Saakashvili-dovolenთბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერა არა მარტო სიტყვებით, არამედ ქმედებითაც გამოიხატება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში  შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს მხარდაჭერა არა მარტო სიტყვებით გამოიხატება, არამედ ქმედებითაც, რადგან ეს ყოველდღიური საქმეცაა და ბრძოლაც. ზოგჯერ ეს მთებში ბრძოლას ჰგავს, რადგან მიმართულია იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, ძირი გამოგვითხაროს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას მოისმინა ყველაფერი, რისი მოსმენაც სურდა.

„სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც და ოვალური კაბინეტიდანაც გამოვდივარ ამაღლებული განწყობით, რადგან ვისმენ ყველაფერს, რისი გაგებაც მსურს. აქ ადრეც ვიმყოფებოდი, მაგრამ ამჯერად ჩვენი ქვეყანაც მომწიფდა გამოწვევების საპასუხოდ. ვფიქრობ, ახლა გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე. რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველო მზად იქნებოდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ვამაყობ, რომ ვმსახურობთ ავღანეთში. წლების წინ ესეც წარმოუდგენელი იყო. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად საქართველოს უნდა გაევლო ეს ეტაპი კარგი პარტნიორის სტატუსის მოსაპოვებლად. საქართველო მომწიფებული ქვეყანა ვერ გახდებოდა თქვენი პირადი ჩარევის გარეშე და მოუთმენლად ველით თქვენს ნახვას ბათუმში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ასეთი დახმარებისთვის. ჩვენს რეგიონში საქართველოს ბევრი ხალხი უყურებდა და უყურებს, მაგრამ ხელცარიელი ჩვენ არ ვბრუნდებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.