სამართალი
გახმაურებული პროცესი ზუგდიდის სასამართლოში

xulordava123ზუგდიდი, 2 თებერვალი, საქინფორმი. სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის – რევაზ ხულორდავას,  საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გუშინ განახლდა. სხდომაზე სასამართლომ 4 მოწმე დაკითხა. ბრალდების მხარე რევაზ ხულორდავას სენაკის მკვიდრ დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ხულორდავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება.

პროცესზე მოწმეების დაკითხვის დროს, წინა სხდომების მსგავსად, პროკურორი ვლადიმერ ქორთუა მიმანიშნებელ კითხვებს სვამდა, რის გამოც დაცვის მხარისგან შენიშვნა არაერთხელ მიიღო. დაცვის მხარის ადვოკატმა ამასთან დაკავშირებით განცხადება სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროსაც გააკეთა. გიორგი სამუშიას განცხადებით, დაკითხვისას პროკურორი მოწმეებზე ზეწოლას ახდენდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამაში სახელმწიფო ბრალმდებელს სასამართლოც უწყობდა ხელს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ინციდენტი ბერულავას სახლთან 2011 წლის 15 სექტემბერს, 22:30 საათზე, მოხდა. საქმე მკვლელობის მცდელობისთვისაა აღძრული და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ხულორდავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ხულორდავას საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 15:00 საათისთვის, ჩაინიშნა.