თბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. თეთრ სახლში სააკაშვილი-ობამას შეხვედრამდე მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა ვაშინგტონს, აამოქმედოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად საქართველოში.
ივანიშვილის განცხადება რეკლამის ფორმით „Washington Post“-სა და „New York Times“-ში 30 იანვარს მთელ ერთ გვერდზე ღია წერილის სტილში დაიბეჭდა. განცხადების ადრესატი ამერიკის პრეზიდენტია. სათაურია „საქართველო გზაგასაყართან“.„მიუხედავად საქართველოს მმართველი ელიტის პოლიტიკის მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა, ოპტიმიზმით შევხვდი ცნობას პრეზიდენტ სააკაშვილის თეთრ სახლში ოფიციალური ვიზიტით მიწვევის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„სწორედ ახლა, შემოდგომაზე გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ, არის აუცილებელი საქართველოს ყველა ჭეშმარიტი მეგობრის მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტენსიური დიალოგი, რათა მისი მხრიდან არ იყოს ნებისმიერი მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა, რაც საბედისწერო გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ამიტომ მივმართავთ აშშ-ს და დემოკრატიული სამყაროს ლიდერებს, მხარი დაუჭირონ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და, ამავე დროს, აამოქმედონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში „დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე კონკრეტული წარმატების მომტანი იქნება საქართველოსთვის“.