პოლიტიკა
სააკაშვილი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

saakash-senatorebiთბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ასევე, განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ამას გარდა, "მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დეტალებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე". სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ჩვენი ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვას. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი, სენატორები რიჩარდ ლუგარი, ბენ კარდინი, ტომ უდალი და ჯეინ შაჰინი.

მეორე შეხვედრა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯეინ შაჰინთან გამართა, რომელმაც საუბრისას ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ წარმატებებსა და ანტიკორუფციული რეფორმების შედეგებზე. მისი თქმით, ეს ის მიღწევებია, რომლებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში აისახა.

შეხვედრების დროს ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.