სამართალი
ზუგდიდი, 1 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, მიმდინარე წლის 31 იანვარს, გამართულ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე კუდის აფხაზეთის მთავარ სამმართველოს ავტომანქანის შესაძენად ზუგდიდის ბიუჯეტმა 135 ათასი ლარი გამოუყო.
აღნიშნული საკითხი საკრებულოს დეპუტატმა ბესო გაბუნიამ გააცნო. მისი თქმით „Toyota Land Cruiser“-ის მარკის ჯიპს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კუდს დროებით სარგებლობაში გადასცემს. კუდისთვის ავტომობილი აიპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ სუბსიდიების ხარჯზე შეიძინეს. კუდის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა ავტომობილის ყიდვის თხოვნით საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა.კუდისთვის ავტომობილის შეძენა საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გია ალასანიამ გააპროტესტა. ალასანიას თქმით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალური ბიუჯეტიდან კარგად ფინანსდება და თვითონ უნდა უზრუნველყოს საკუთარი დეპარტამენტისთვის ავტომანქანის ყიდვა“. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ ეს თანხა არა კუდს, არამედ ზუგდიდს მოხმარებოდა.
თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ ალასანიას ეს შენიშვნა არ გაითვალისწინა და თანხის გამოყოფას დათანხმდა.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე, მხარი დაუჭირეს ზუგდიდის ბიუჯეტში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის მთავარი დოკუმენტი 2,3 მილიონი ლარით გაიზარდა. თანხა ადგილობრივ ბიუჯეტს ცენტრალურმა მთავრობამ ჩაურიცხა.