პოლიტიკა
ივანიშვილის კომენტარი სააკაშვილი-ობამას შეხვედრაზე

bidziina-komentთბილისი, 1 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 30 იანვარს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების – ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის – შეხვედრა გაიმართა. ამ ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები სხვადასხვა პოლიტიკურ წრეში. მათ შორის, აღნიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა პირადად მიხეილ სააკაშვილის დამსახურება არ იყო“.

„აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ძალიან დიდი პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენადაც ამერიკის სახელმწიფომ ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა შესთავაზა და გამოკვეთა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის მომავალში თავისუფალი ვაჭრობა შეიძლება შედგეს. რა თქმა უნდა, ამას მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ. ალბათ, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა ჩვენს ქვეყანას ძალიან წაადგება. ამ მხრივ ამერიკის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა მისასალმებელია. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ ამერიკა საქართველოს ნატოში გაწევრებას მხარს უჭერს, რაზეც ჩვენმა პრეზიდენტმა გააკეთა რეაქცია. კარგია, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს, მაგრამ ამერიკა ამას არ წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ნატოში შემავალ სხვა ქვეყნებზეცაა დამოკიდებული. მე არ მეგულება ნატოს არცერთი წევრი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულად წინააღმდეგი იყოს. ყველანი ერთხმად გამოკვეთენ, რომ მხარს უჭერენ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც მხარს უჭერს და ნატოში საქართველოს გაწევრებას ჩვენც მივესალმებით. მე მგონი, ერთადერთი კაცი, რომელიც ამას ხელს უშლის, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც თავისი ქმედებებით, განსაკუთრებით კი, ბოლო წლებში საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივას გამოკვეთილად ეწინააღმდეგება. ის, რომ ნაციონალური ტელეარხები და ჩვენი სახელმწიფოს იდეოლოგები ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობას აჩვენონ, რომ ეს შეხვედრა პირადად სააკაშვილის დამსახურება იყო, რა თქმა უნდა, ასე არ არის და მარტივი გასაგებია, რომ ეს იყო პატივისცემა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისადმი. თუმცაღა ამ შეხვედრაში შეიძლება მართლაც დავინახოთ რაღაც ქვეტექსტი, რომ ობამა კონკრეტულად სააკაშვილს გულისხმობს, როდესაც მას შეახსენებს, რომ ობამას იმედი აქვს, საქართველოში ხელისუფლების გადაცემა დემოკრატიული და კანონიერი არჩევნების გზით მოხდება“, –განაცხადა ივანიშვილმა.