სამართალი
ვიაჩესლავ ჩირიკბა: „საქართველომ აფხაზეთი მოლაპარაკებათა მონაწილედ უნდა აღიაროს“

chirikba_2თბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. „აფხაზეთი ღიაა დიალოგისა და ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მიღებისათვის, მაგრამ დადებითი შედეგები მანამ არ იქნება, ვიდრე საქართველო აფხაზეთს მოლაპარაკებათა პროცესის სრულუფლებიან მონაწილედ არ აღიარებს“. ეს განცხადება აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სოხუმში გააკეთა.

„საქართველოს მთავრობის ინიციატივები, რომლებიც აფხაზურ მხარესთან შეთანხმების გარეშე ხორციელდება, მოლაპარაკებათა ატმოსფეროს გაუარესებას უწყობს ხელს; ვგულისხმობ გაეროს გენერალური ასამბლეისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე რეზოლუციას, ასევე, ნეიტრალურ პასპორტებს, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის არის განკუთვნილი“, – აცხადებს ჩირიკბა.

მისივე თქმით, ამგვარი მოქმედებები მიმართულია აფხაზეთის იზოლაციისაკენ და აფხაზეთის ხელისუფლების მიერ მოქალაქეების დისკრიმინაციად კვალიფიცირდება.

„ნეიტრალური დოკუმენტები აფხაზეთისათვის მიუღებელია“, – განაცხადა ჩირიკბამ და აღნიშნა, რომ ამ საკითხს აფხაზური მხარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე დააყენებს.