„სათნოების სახლის დირექტორი ნუგზარ მახარაშვილი არის გამგებლის მოადგილის, ალექსანდრე ალუღიშვილის, მეზობელი და მეგობარი. მისი მოადგილე, ანუ საქმის მწარმოებელი გახლავთ ნუგზარ მახარაშვილის დედა ციცინო დარჩიაშვილი, შიდა კულუარულად, დედა-შვილის პარპაშს საზღვარი აღარ აქვს. პირადად მოგვისმენია, ნუგზარ მახარაშვილის სათნოების სახლის მობინადრეებს როგორ დაჰღრიალებს თავზე – ვისაც არ მოგწონთ, მიბრძანდით აქედან, ჩვენ მაინც ვერაფერს დაგვაკლებთო... ისინიც, შეშინებულები, რომ მშივრები არ დარჩნენ, ჩუმდებიან. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ბენეფიციარმა გამოთქვა უკმაყოფილება პურის ხარისხზე, ადმინისტრაციამ კი პოლიცია გამოიძახა და დააწერინეს ხელწერილი, რომ ამას აღარ გაიმეორებდა“, – აცხადებს გურაშვილი.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს სათნოების სახლის დირექტორის ამ დამამცირებელ დამოკიდებულებას ბენეფიციარებისადმი და იქვე აღნიშნავს, რომ 170 000 ლარიდან 50 400 ლარი სათნოების სახლის 11 მომსახურე პერსონალზე უნდა გაიხარჯოს. ბენეფიციარებისთვის რჩება 119 600 ლარი. მარტო სათნოების სახლის დირექტორზე ერთ წელიწადში უნდა გაიხარჯოს 8 400 ლარი. ბენეფიციარები აღნიშნავენ,რომ გაზრდილი დაფინანსება არა მათი კვების გაუმჯობესებაზე, არამედ მომსახურე პერსონალის ხელფასების გაზრდაზე იხარჯება. არადა, მომსახურე პერსონალიდან სულ ექვსამდე ადამიანი მუშაობს სრული დატვირთვით.
„თავისუფალი საქართველო“ მიმართავს ადგილობრივ საკრებულოს, ბოლო მოუღოს სათნოების სახლში გამეფებულ განუკითხაობას.