თბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“ 2011 წლის დეკემბერში აამოქმედა თავისი პირველი პროექტი – „თბილისის მოსახლეობისთვის თავისუფალი პრესის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“.
როგორც საქინფორმს ორგანიზაციიდან აცნობეს, ამ ეტაპზე ორგანიზაციის დამფინანსებლები არიან:
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ – 131070 ლარი (გრანტი);
გაზეთი „კვირის პალიტრა“ – 2000 ლარი (შემოწირულობა);
გაზეთი „ახალი თაობა“ – 500 ლარი (შემოწირულობა);
მოქალაქეთა შემოწირულობები – 120 ლარი.„ფონდი „ქართუს“ გრანტით დაფინანსდა პროექტის პირველი ეტაპი, კერძოდ – ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებდა სათავო ოფისისა და ლოგისტიკის ცენტრებისათვის ფართის დაქირავებას; ოფისების აღჭურვას მათი ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკითა და საოფისე ავეჯით; ორი ავტომანქანის შეძენას – ლოგისტიკის ცენტრებისა და სათავო ოფისისთვის; პრესის რეალიზაციისათვის აუცილებელი მოძრავი სტენდი-ურიკების, სტაციონარული სტენდებისა და სტენდი-ველოსიპედების შეძენას; სპეციალური ქურთუკებისა და ქუდების შეძენას პრესის რეალიზატორებისათვის; თანამშრომლების შერჩევასა და მათთვის ტრენინგების ჩატარებას. დღეის მდგომარეობით, თბილისის ქუჩებში უკვე 30 სტენდი-ურიკა მოძრაობს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ მის მიერ 2011 წლის 22 დეკემბრიდან 2012 წლის 25 იანვრამდე გაწეული ხარჯების დეტალურ ანგარიშსაც აქვეყნებს. კერძოდ, ხარჯვით ნაწილში წერია, რომ ორგანიზაციამ ოფისის ავტომანქანის შესაძენად 7388,48 ლარი დახარჯა, ექსპედიტორების ავტომანქანისთვის – 8568,00 ლარი, საგაზეთო სტენდი-ველოსიპედისთვის – 3547,00 ლარი და ა.შ. ჯამში – 108 093,6 ლარი. ნაშთის გრაფაში კი 25 596,4 ლარია მითითებული.