პუბლიკაციები
ირანთან ომის შესაძლო შედეგები სამხრეთ კავკასიისთვის

analit1111უკანასკნელი თვეების განმავლობაში ხშირად საუბრობენ საერთაშორისო კოალიციის ირანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ და ამ კოალიციაში, სულ მცირე, აშშ-სა და ისრაელს მოიაზრებენ. ამასთან, ექსპერტები ერთხმად ირწმუნებიან, რომ ამ მოვლენას უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება სამხრეთ კავკასიისათვის და ნამდვილი აპოკალიფსის სურათს ხატავენ.

პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი მიიჩნევს, რომ ამგვარი პროგნოზები პრაქტიკაში ძალზე იშვიათად მართლდება და რეალობა, როგორც წესი, გაცილებით უფრო მრავალვარიანტიანი და რაციონალურია.

„არსებული ცალსახად პროამერიკული კურსის ფარგლებში საქართველოსთვის, ერთი შეხედვით, მომგებიანი იქნება რეგიონში აშშ-ის გაძლიერება. ეს გააჩენს მიზეზს მძლავრი პიარკამპანიისთვის ტრადიციულ ქართულ სტილში „დემოკრატიის ზეიმისა“ და საქართველოს „უსაფრთხოების გაძლიერების“ შესახებ.

ამასთან, საქართველოსთვის განსაკუთრებულ ცვლილებებს ახალი მდგომარეობა არ მოიტანს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენაზე ეს არანაირად არ აისახება. თეორიულად არსებობს რუსეთსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის შესაძლებლობა ირანის კამპანიაში რუსეთის მონაწილეობის თაობაზე, რომლის საფასურიც საქართველო იქნება, მაგრამ ამგვარი ვაჭრობის ალბათობა დიდი არაა, სულ მცირე, ორი მიზეზის გამო: ომში რუსეთის პირდაპირი მონაწილეობის შესაძლებლობები შეზღუდულია, მონაწილეობა კი აუცილებელი არ არის, და მეორე, რუსეთისთვის აზრი არ აქვს საქართველოს „აღებას“ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც 2008 წელს მოსკოვმა საკუთარი ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში შეაჩერა – ამ შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება დასვას და აკეთოს ის, რასაც ახლა ამერიკელები აკეთებენ – მთელი ქვეყანა შეინახოს. რუსულ ეკონომიკაში არსებული სირთულეების გათვალისწინებით და უზარმაზარი ხარისხით დოტირებული ჩრდილოკავკასიის არსებობის პირობებში ამის სურვილი რუსეთს არ აქვს. უფრო მეტიც, ბოლო წლებში ქართველ საზოგადოებაში განწყობა პროამერიკულიდან ნელ-ნელა პროქართულსა და პრორუსულზე გადადის, რაც სასიხარულოა. ამგვარი ნაბიჯი კი დაანგრევდა ამ ტენდენციას“, – წერს პოლიტოლოგი.