პოლიტიკა
ჯონ ალენი თბილისს ეწვია

iz-avganთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ცნობით, ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებისა და აშშ-ის ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ალენი თბილისს ეწვია, რათა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში საქართველოს წვლილი განიხილოს.

გენერალმა ჯონ ალენმა 30 იანვარს სამთავრობო და სამხედრო ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა.

გენერალმა მოინახულა და სიტყვით მიმართა საქართველოს 23-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს კრწანისის საწვრთნელ ცენტრში. ამჟამად მიმდინარეობს ბატალიონის მომზადება ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.

წელს საქართველო ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს ავღანეთში, რომელიც დაემატება იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე „ISAF“-ის ოპერაციაში.

დამატებითი ბატალიონის (749 სამხედრო) გაგზავნის შემდეგ საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი – 1685 სამხედრო, ეყოლება ავღანეთში.