პოლიტიკა
ობამა-სააკაშვილის შეხვედრა თეთრ სახლში

obama-shexvedraთბილისი, 31 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ  თავის ქართველ კოლეგას 30 იანვარს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ უთხრა, რომ საქართველო თავის რეგიონში დემოკრატიის მოდელია და რომ ის ახლა ელის საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ის ოვალურ ოფისს ბედნიერი ტოვებს, რადგან, ძირითადად, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა.

პრეზიდენტმა ობამამ შეაქო საქართველოს პროგრესი სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე და დასძინა, რომ საქართველოს მოსახლეობა ამის გამო განსაკუთრებულად უნდა ამაყობდეს. მან პირადად პრეზიდენტი სააკაშვილიც შეაქო, განაცხადა რა, რომ პრეზიდენტის მეთაურობით საქართველომ უზარმაზარ წინსვლას მიაღწია.

„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც მე აღვნიშნე, იყო ჩემი მადლიერების გამოხატვა ინსტიტუციონალური მშენებლობისთვის, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, ასევე, უმცირესობათა პატივისცემის მნიშვნელობა, პოლიციის მნიშვნელობა და კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობა“, –  განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ასე რომ, მინდა, დავაფასო ის სამუშაო, რომელიც უკვე გაკეთებულია, მაგრამ, ასევე, მოველი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს,“ – განაცხადა ობამამ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ორ პრეზიდენტს შორის თეთრ სახლში გამართული პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები იყო.

„ხელისუფლების გადაცემა, რასაც ადგილი ექნება საქართველოში, ვფიქრობ, განამტკიცებს ბევრ იმ რეფორმას, რომლებიც უკვე ტარდება“, – დასძინა მან.

არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება ახალი საკონსტიტუციო სისტემა, უფრო მეტად – საპარლამენტო მთავრობის სახით.

სააკაშვილმა იქვე დასძინა, მიმართა რა ობამას: „თქვენ სწორად აღნიშნეთ, მომდევნო წელს საქართველოში ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ. ეს, ასევე, მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ჩვენს დემოკრატიას კიდევ უფრო წინ წავწევთ და, ზოგადად, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და პლურალისტური პოლიტიკური გარემო გვექნება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას, ასევე, განიხილეს, თუ როგორ შეიძლება უკვე ისედაც ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

„საქართველომ ეფექტური თავისუფალი ბაზრის შექმნის კუთხით წინ წაიწია; უფრო მეტი პროგრესია საჭირო. აშშ-ს სურს, რომ ამ პროგრესის მიღწევაში დაგეხმაროთ“, –  განაცხადა ობამამ.

„ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის დიალოგზე ორ ქვეყანას შორის იმის თაობაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების კუთხით. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და მრავალი შესაძლო ვარიანტი შეიძლება იყოს განხილული“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივის წამოწევისთვის და დასძინა, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ პროგრესს.

თავდაცვით და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ობამამ განაცხადა, რომ ის მადლობას უხდის საქართველოს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მას ავღანეთის ოპერაციაში შეაქვს. ობამამ საქართველო დაახასიათა როგორც ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის „ISAF“-ის ოპერაციისადმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავდადებული მოკავშირე.

„ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ თავდაცვით სფეროში ჩვენი თანამშრომლობა; საკითხთა ფართო წრეა, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მე, ასევე, დავარწმუნე პრეზიდენტი [სააკაშვილი], რომ აშშ საქართველოს ნატოში სწრაფვისადმი მხარდაჭერას გააგრძელებს“, – დასძინა ობამამ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ობამას ადმინისტრაციას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე აყვანისთვის და„საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარების აუცილებლობის აღნიშვნისთვის.

„ეს, ასევე, მნიშვნელოვანი გზავნილია ჩემი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, აშშ მადლიერია იმის გამო, რომ საქართველოს დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მოდელი სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის.

„მიგვაჩნია, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ პროგრესის გაგრძელების პირობებში სხვა სახელმწიფოები იტყვიან – თუ საქართველომ შეძლო ეს ტრანსფორმაცია, მაშინ ამას ჩვენც შევძლებთ. საქართველო საერთაშორისო არენაზე, ისევე, როგორც ორმხრივ ფორმატში, პასუხისმგებლობით მოქმედი მოთამაშეა“, –  განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.