სამართალი
ქართველი პოლიტპატიმრების მიმართვა ობამას, ბაროზოს და დიმიტროვს

xelmoweraთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – ოფისში ამავე მოძრაობამ, პატიმართა  დახმარების  საქველმოქმედო  ფონდმა, მოძრაობამ – „არა!“ და სამოქალაქო  და  პოლიტიკურ  უფლებათა  დაცვის  ასოციაციამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასადმი, ევროკავშირის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზოსა და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვისადმი საქართველოში მყოფ პოლიტპატიმართა ჯგუფის სპეციალური მიმართვა გაახმიანეს. აღნიშნულ მიმართვას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო აღმატებულებანო, პატივცემულო ლიდერებო!

ჩვენ, საქართველოს ციხეებში მყოფი პოლიტიკური პატიმრები, მოგმართავთ თქვენ, როგორც უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს და იმ საზოგადოების წევრებს, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ. ჩვენთვის, რომლებიც იძულებით იზოლირებულნი ვართ სამოქალაქო საზოგადოებისაგან და ვიმყოფებით მიხეილ სააკაშვილის საპყრობილეებში, თქვენ წარმოადგენთ ჭეშმარიტი ევროპული და ევროატლანტიკური დემოკრატიის სიმბოლოს და იმ საზოგადოებას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. თქვენ, ასევე, ხართ უკანასკნელი პოლიტიკური ბასტიონი და იმედი, ვისი დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სამართლიანობას, სოლიდარობასა და მხარდაჭერას.

ჩვენ, რომლებიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცბიერი, სისხლისმღვრელი და მანკიერი ავტორიტარული რეჟიმის პოლიტიკურ მსხვერპლს წარმოვადგენთ, მოგმართავთ განცხადებით, რათა ყურად იღოთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და გამოხატოთ თქვენი სოლიდარობა იმ კუთხით, რომ მკაცრად გააკრიტიკოთ აღნიშნული მზაკვრული ხელისუფლება, რომელიც იმართება სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ და ისევე, როგორც ბელარუსში გამეფებული ტოტალიტარული ხელისუფლება, ბედავს, მოეპყროს მის პოლიტიკურ ოპონენტებს არადემოკრატიული ხერხებით, რაც გამოიხატება, ხშირ შემთხვევაში, მათი უკანონო დაპატიმრებით. პოლიტიკური პატიმრების არსებობა არის ყველაზე დიდი სამარცხვინო ქმედება, რომელიც შეუთავსებელია 21-ე საუკუნის გლობალური პოლიტიკის პრინციპებთან.

ჩვენი და სხვა პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესები გამოირჩეოდა სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევით, კანონის უზენაესობის იგნორირებითა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევით. აღნიშნული გამოიხატებოდა, მოწმეებზე ზეწოლის ფაქტებიდან დაწყებული, ე.წ. ხელოვნურად შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეებით, ასევე, სასამართლო პროცესების სრული გაუმჭვირვალობით, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებზე არდაშვებით.

აქედან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა იმ მორალურ, ჰუმანურ და უნივერსალურ ფასეულობებს, რომლებიც იშვა ევროპული საზოგადოების წიაღში, მოგმართავთ მხოლოდ ერთი დიალექტიკური და პათეტიკური შეკითხვით: „რამდენად არის ცრუმოწმეობა და შეთითხნილი ბრალდება მთლიანი კაცობრიობის ლიბერალური ფასეულობებისა და უნივერსალური ჭეშმარიტების განვითარების ხელშემწყობი გარემოება?!“

საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის ფაქტს ადასტურებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ფაქტის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა უმაღლესი კომისრის, მისი აღმატებულების, თომას ჰამერბერგის, შეხვედრა ქართველ პოლიტპატიმრებთან ქართულ ციხეებში 2011 წლის აპრილში.

აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ იმედს და გთხოვთ, რომ თქვენ ჯეროვანი ყურადღება დაუთმოთ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის საკითხს, წამოწიოთ ეს თემა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლები წინაშე და დაიწყოთ მათთან მოლაპარაკება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, რომელთა რაოდენობამ დღეის მონაცემებით უკვე გადააჭარბა 90-ს.

აღნიშნული პროცესის ხელშეწყობისათვის უპრიანი იქნებოდა ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან სპეციალური წარმომადგენლების გამოყოფა და საქართველოში მოქმედი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭება, საქართველოში მყოფ პოლიტპატიმართა საქმეების შესწავლისა და მათთან შეხვედრის მიზნით. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი თავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს პოზიციასა და მხარდაჭერაზე.

ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენი მხრიდან დაუყოვნებლივ გამოხმაურებას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მიმართვა არ იქნება იგნორირებული.

პოლიტპატიმრები: თემურ  ჟორჟოლიანი, ჯერლიდ ძარია, ლევან გოგიჩაიშვილი, ვახტანგ მაისაია, ანზორ მეზვრიშვილი, ლევან ჩაჩუა,  მელორ ვაჩნაძე, რამაზ სამნიძე.

19 იანვარი 2012 წელი,

ს.ა.დ.  №17 საპყრობილე“.