სამართალი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადება

konst-logoთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, 2012 წლის 27 იანვარს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოდან  ორგანიზაციამ მიიღო წერილი, რომელიც ატყობინებს, რომ  საქართველოს მთავრობამ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეებზე  მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ჩართულობა სამართალწარმოების პროცესში არსებით გავლენას მოახდენს საქმეთა შედეგზე.

„საქართველოს მხარეს მიეცემა შესაძლებლობა, წარადგინოს დამატებითი არგუმენტაცია და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაზარალებულთა უფლებების დაცვას ევროპის სასამართლოში. „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ევროსასამართლოდან სულ 282 დაზარალებულის საქმეზე მიიღო შეტყობინება. ეს სწორედ ის ადამიანები არიან,  რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენ. ყოველივე ამის გამო, ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეთა უმეტესობაში დაზარალებულები ასაჩივრებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე  მუხლის დარღვევას. ისინი ითხოვენ, ევროსასამართლომ რუსეთის მხრიდან დარღვეულად ცნოს ევროკონვენციის ზემოხსენებული მუხლები და დააკისროს რუსეთის ფედერაციას, აუნაზღაუროს მის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი და მორალური  ზიანი“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იმედოვნებს, რომ თუ ევროსასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მხარის მესამე პირად ჩართვის შესახებ, ეს  გავლენას მოახდენს საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილი მსგავსი საჩივრების დადებითად გადაწყვეტაზე.