აქტუალური
თბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. საქსტატის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი 2011 წელს 37,7%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და მისმა საერთო ღირებულებამ 54,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა. თუმცა ის კვლავ ჩამორჩება ემბარგოს დაწესებამდე არსებულ მაჩვენებელს, როდესაც 2005 წელს ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 81 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.საქსტატის ცნობით, 2011 წელს ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 16,9 მილიონ ლიტრს მიაღწია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 12,1 მილიონ ლიტრს შეადგენდა.
შარშან ღვინის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 2,5% შეადგინა. მთლიანი ექსპორტი 2011 წელს 2,19 მილიარდი აშშ დოლარი იყო.