საზოგადოება
სატელევიზიო რეკლამისთვის ყველაზე მეტს მმართველი პარტია მიიღებს

parlamenti_sulaთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტიებიდან სატელევიზიო რეკლამის დასაფინანსებლად ყველაზე მეტს – 600 ათას ლარს, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებების გათვალისწინებით, დაფინანსების მისაღებად საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტებში შემავალ პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე.

შესაბამისად, ყველაზე მეტი დაფინანსება „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო, რომელმაც 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 65,75% მიიღო.

მმართველი პარტიის შემდეგ ყველაზე მეტს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდთან დაახლოებული პარტიები – „თავისუფალი დემოკრატები“, „ხალხის პარტია“, „კონსერვატორები“ და „რესპუბლიკელები, ჯამში 445 316 ლარს, მიიღებენ, ხოლო ცალ-ცალკე ალასანიასა და უსუფაშვილის პარტიები – 117 405-117 405 ლარს და ძიძიგურისა და დავითაშვილის პარტიები – თითოეული 105 253 ლარს.

ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატები“ „ქრისტიან-დემოკრატების სახალხო პარტიასთან“ ერთად ჯამში 400 ათას ლარს მიიღებენ, „მრეწველები“ – 213 912 ლარს, „სამართლიანი საქართველოსთვის“ – 115 253 ლარს, „ევროპელი დემოკრატები“ – 200 ათას ლარს, „ახალი მემარჯვენეები“ – 200 ათას ლარს.

საერთო ჯამში კი პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის დროს სატელევიზიო რეკლამის დასაფინანსებლად სახელმწიფო 2 229 291 ლარს გამოყოფს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირება პარლამენტში თებერვლის დასაწყისში მოხდება.