თბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ალა ჯიოევამ საკუთარი ინაუგურაცია 10 თებერვალს დანიშნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება იანუგურაციის ცერემონიალი.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცხინვალის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევს მიმართავს.
„10 თებერვლიდან მოვალების შესრულებას შევუდგები, თუმცა ინაუგურაციის ადგილის დასახელება ჯერ არ შემიძლია. ამასთან, მივმართავ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევს, რომ ხელისუფლება ცივილიზებულად გადმომცეს როგორც კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს“, – აღნიშნა ჯიოევამ.
მისივე თქმით, მან ხელისუფლებას ინაუგურაციის თარიღის დანიშვნის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მისი მოთხოვნა დესტრუქციულ ქმედებად შეაფასეს.„სამჯერ გავუგზავნე ბროვცევს წერილი ინაუგურაციის თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა ჩემთვის პასუხის გაცემის ნაცვლად ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება, სადაც ჩემი მოთხოვნა დესტრუქციულ ქმედებად არის შეფასებული. ამის შემდეგ სხვა გზა აღარ დამრჩა, გარდა ინაუგურაციის თარიღის დანიშნვნისა“, – აღნიშნა ჯიოევამ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის ნოემბერში გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ალა ჯიოევამ მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით ცესკოს შედეგები სასამართლომ გააუქმა.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნები კი ცხინვალში 25 მარტისათვის არის დანიშნული.