პოლიტიკა
აფხაზეთში ევროპარლამენტისა და ბუნდესტაგის დელეგაციების ვიზიტი მზადდება

presidentskiy-dvთბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი რობერტ ბოშის ფონდის (გერმანია) კონსულტანტ დიტერ ბოდენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.

დიპლომატმა განაცხადა, რომ იგი აფხაზეთში ევროპარლამენტისა და ბუნდესტაგის დელეგაციების ვიზიტის მოსამზადებლად ჩამოვიდა.

„თუ საუბარი მიდის აფხაზეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ვექტორზე, ჩვენ მზად ვართ სალაპარაკოდ. თუმცა ჯერჯერობით არავითარი პრაქტიკული შედეგი არ არის. მე მინდა, აფხაზეთს პატივს სცემდენ“, – განაცხადა შეხვედრაზე ალექსანდრე ანქვაბმა.

„მე მესმის თქვენი დაინტერესება შედეგებში, სიტუაცია რთულია და ჩვენ გამოსავალი უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა დიტერ ბოდენმა.

შეხვედრაზე ანქვაბმა აღნიშნა, რომ ეს ჩიხში შესული სიტუაცია მანამ გაგრძელდება, ვიდრე ევროპაში არ მიხვდებიან, რომ საქართველოსთან ადრე არსებულ ურთიერთობებში ვერ დაბრუნდებიან.

„დროა, უკვე ჩვენთან ჩამოხვიდეთ თბილისის ინსტრუქციების გარეშე“, – განაცხადა ანქვაბმა და დიტერ ბოდენის ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთის რუსული პასპორტებით ევროპაში სამკურნალოდ არ უშვებენ.

ნეიტრალური პასპორტების თემა კი, ანქვაბისავე განცხადებით, უპერსპექტივო საქმეა. „ჩვენ არ შემოვუშვებთ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ დიპლომატებს, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეებს ამ დოკუმენტს შესთავაზებენ“, – აცხადებს იგი.

შეგახსენებთ, რომ დიტერ ბოდენი გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იყო 1999-2002 წლებში და სწორედ ის ხელმძღვანელობდა გაეროს მისიას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში. სწორედ დიტერ ბოდენის მიერ იყო შემუშავებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების გეგმა, რომელიც საქართველოს ფედერაციულ მოწყობას გულისხმობდა.