თბილისი, 30 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიღებს.
თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ორი პრეზიდენტი განიხილავს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ურთიერთობის გაძლიერებას ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში. პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის, მათ შორის, ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას.თეთრის სახლის ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ბარაკ ობამა კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „პრეზიდენტი, ასევე, მოელის, განიხილოს მომავალი არჩევნები საქართველოში და რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს გარდაქმნას სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, – იუწყება ბარაკ ობამას ადმინისტრაცია.
თეთრი სახლის ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20 წელი სრულდება.
თავის მხრივ, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, წინსვლისთვის საქართველოს ნატოში გაწევრების გზაზე.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, გარდა პრეზიდენტებს შორის შეხვედრისა, იგეგმება შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირებთან; ასევე, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან და წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ჯონ ბონერთან.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში 25 იანვარს გაემგზავრა.