პუბლიკაციები
„საქართველოს მოსახლეობის მატება უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში 10-ჯერ შემცირდა და 2020 წლისათვის 20 000-ს არ ასცდება!“

anal-NEw-giorსაქინფორმის სტუმარია - ექსპერტი, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი,  საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის ყოფილი თავმჯდომარე, ბატონი დემურ გიორხელიძე.

– ბატონო დემურ, ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, რა პერსპექტივა აქვს ამ კუთხით საქართველოს?

– თავისთავად, დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა მაინცადამაინც სახარბიელო არ არის რამდენიმე მიზეზის გამო:  ერთი – მსოფლიომ ძალზე სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი გაიარა და ხედავთ ძალზე სერიოზულ მოვლენებს. ამას  ყველაზე განვითარებულ რეგიონში – ევროპაშიც კი ვხედავთ. ბუნებრივია, საქართველოშიც, რომელსაც ძალზე სუსტი ეკონომიკა აქვს, კრიზისის გავლენა ძლიერი იყო და ვარდნაც შესაბამისად აისახა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. დღეს პოსტკრიზისული პერიოდია და კარგია, რომ ეკონომიკის ზრდა 6% მაინც არის, თუმცა ეკონომიკის სიმწირის გამო ეს დიდად მანუგეშებელი მაჩვენებელი არ არის.

საქართველოს ეკონომიკაში მდგომარეობა მძიმეა. არის სტრუქტურული პრობლემები. არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სიღარიბე მაღალია. ამ დროს ქვეყანაში არის აუთვისებელი რესურსები. მთავრობას არასწორი, ყალბი წარმოდგენა აქვს ლიბერალურ პოლიტიკაზეც – გატარებული რეფორმები და ეკონომიკური პოლიტიკა სინამდვილეში ლიბერალურს არ წარმოადგენს. არადა, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ლიბერალური პოლიტიკა – იმ პრინციპების გატარება, რომლებიც ლეგალურ სფეროში მოქმედ ადამიანს  თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს; თავისი ნიჭისა და უნარის შესაბამისად ანიჭებს უფლებას, იყოს დაცული თავის სახელმწიფოში. სწორედ ამ ანონიმურ „ნიჭიერ ადამიანზეა“ გათვლილი მთელი დასავლური სისტემა. არა კონკრეტული გვარის, ხელისუფლების მხარდამჭერ ადამიანზე, არამედ, ზოგადად, ანონიმურ ადამიანზე, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს, ანუ  მოქალაქეზე, დასავლური ტიპის ადამიანზე, რომელმაც რაღაც უნდა შექმნას, გააკეთოს... ინოვაციები იქნება ეს, თუ სხვა რამ. სწორედ ამან მოუტანა წარმატება დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც. საქართველოსაც ამან უნდა მოუტანოს წარმატება. ჩვენ ასეთი პირობები ჯერ ვერ შევქმენით და ვერანაირი საერთაშორისო, კერძო სტრუქტურები,  ე.წ. სარეიტინგო სააგენტოები, ვერანაირ ხელშესახებ მონაცმებეს ვერ გამოუქვეყნებენ საქართველოს, რომელიც რეალობას ასახავს და ეს რეალობა ხელ უწყობს ქვეყნის განვითარებას. ის თითქოსდა კარგი მაჩვენებლები, რომლებსაც ესა თუ ის „სარეიტინგო სააგენტო“ აქვეყნებს, რეალობას არ შეესაბამება. უფრო ზუსტად, ეს კარგი მაჩვენებლები, უბრალოდ, რეალურ მდგომარეობასთან კორელირებული არ არის.

ბატონო დემურ, თქვენ ხშირად საუბრობთ საქართველოში შექმნილ დემოგრაფიულ სიტუაციაზე. რა კავშირშია ეკონომიკა დემოგრაფიულ მდგომარეობასა და სოფლის მეურნეობასთან?

– შემიძლია გითხრათ, რომ ანალიზები, რომელთაც ჩვენი სპეციალური ანალიტიკური ჯგუფი აკეთებს, ცხადია,  ვინმეს გასაკრიტიკებლად არ გვჭირდება, არამედ – რეალობის წარმოსადგენად; რომ ჩვენ ის სწორი კონსტრუქცია ავაგოთ, ქვეყნის განვითარების გამართული კონცეფცია შევქმნათ, რომლისგანაც შემდგომ აიგება სტრატეგიული განვითარების ხედვები და პროგრამული  ნაწილი. საქართველოს მოსახლეობის ზრდის დინამიკა უკანასკნელი 50-60 წლის განმავლობაში რომ ავიღოთ, ანუ ომის შემდგომ –  კატასტროფულია და თუ ეს ტენდენციები არ შეჩერდა, თუ ამ მდგომარეობის კონსერვაცია არ მოხდა, შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ერი გადაშენების პირასაა?

– მე, უბრალოდ, რამდენიმე მონაცემს მოვიყვან: თუ 1960-69 წლებში, ათწლეული მაქვს მხედველობაში, ბუნებრივი მატება იყო  574876,  80-89 წლებში ეს მაჩვენებელი 433 064 კაცს შეადგენდა. 2000-2009 წლებში საქართველოს მოსახლეობის, არა ქართველთა, არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის, ბუნებრივმა მატებამ მხოლოდ 53584 კაცი შეადგინა; ანუ, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში თითქმის 10-ჯერ შემცირდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, 2020 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება 20 000-ს არ ასცდება და ცხადია, აქ ქართველთა წილი დომინირებული არ იქნება. ასეთი მძიმე ვითარებაა და ახლა  ძალიან მძიმე პერიოდი იწყება, როდესაც „დემოგრაფიული ორმო“ გვექნება უახლოესი 10-15 წლის  განმავლობაში. ეკონომიკური განვითარების კონცეფცია, პოლიტიკა დემოგრაფიის სფეროში ამ მძიმე მდგომარეობას უნდა ითვალისწინებდეს, რადგან შესაძლოა, დავდგეთ ისეთი ვითარების წინაშე, როდესაც, ღმერთმა ქნას, ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს და... ჩვენ, დიდი ცუდი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით – მუშახელი არ იქნება საკმარისი.

ანუ ადამიანების რაოდენობაზე,  ადამიანურ რესურსზეა საუბარი?

– საკმარისი ადამიანური რესურსი აღარ გვექნება. აქ ავტომატურად დგება საკითხი და ჩვენ ძალზე სერიოზულად  ვფიქრობთ ემიგრანტების დაბრუნების ღრმად გააზრებულ კონცეფციაზეც, რომლის გარეშეც საქართველოში ეკონომიკური განვითარების შესახებ საუბარი, უბრალოდ, არცთუ მთლად სერიოზულად გამოიყურება. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ თუ არა ჩვენი მოქალაქეების უკან დაბრუნების ღრმად გააზრებული და გამიზნული სახელმწიფო პროგრამა, მაშინ არასაკმაო მუშახელი ჩვენ  სხვა ქვეყნის მუშახელით უნდა შევავსოთ. ანუ კიდევ უფრო გავართულოთ და გავაუბედუროთ ჩვენი ისედაც მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა... სხვა ლოგიკა არ არსებობს... ანდა შევაფერხოთ ეკონომიკური განვითარება.

ეს სინგაპურიზაციის პროცესს მოიცავს?

– მე მესმის თქვენი წუხილი. სინგაპურიზაცია ქვეყნის სრული კატასტროფაა. ეს არ არის საქართველოს მოდელი. ეს არ არის ის მოდელი, რომელსაც მსოფლიოში ვინმე ახორციელებს. როგორც ჩანს, ჩვენში ეს სხვა სცენარის გავლენის შედეგია, რადგან ვერანაირი მეცნიერული, პოლიტიკური, ვერანაირი საღი პასუხიმგებლური დამოკიდებულება არგუმენტირებულად ვერ ახსნის, რატომ უნდა მოხდეს ქვეყნის სინგაპურიზაცია. ხელისუფლება არ მალავს, რომ საქართველოში იგი სინგაპურის მოდელს ახორციელებს, საზოგადოებას კი ეს იდეა  სიტყვების თამაშის დონეზე აქვს წარმოდგენილი და არსის გაგება არ სურს! თუკი საქართველოში ეს მოდელი განხორციელდა, შედეგი უმძიმესი გვექნება.

–   შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებაა?

– ვიყოთ ობიექტურნი ბოლომდე. დანაშული არის კრიტერიუმების პრობლემა. ანუ, თუ ისეთ კრიტერიალურ სისტემას ავიღებთ, მაგალითად, ისეთს, რაც ჩვენ – მე და თქვენ, უმძიმესად და საქართველოში დანაშაულის განმაპირობებლად  გვეჩვენება, შესაძლოა,  სხვა თვალთახედვიდან ეს აღორძინება იყოს. აქ უკვე ფასეულობათა სისტემაში, ხედვებშია განსხავავება. ადამიანებზე ექსპერიმენტების არ მჯერა; არ მჯერა „ახალი ადამიანის“ აღზრდის შესაძლებლობისა, რადგან ადამიანი საკმაოდ კარგად აგებული კონსტრუქციაა, საკმარისი გონებაც აქვს – გზაკვალი თვითონვე გაიკვლიოს.. ესაა, რომ ამას შესაბამისი გარემო სჭირდება.

ადამიანის გონება დროში არ ემორჩილება საკუთარ გონებაზე ზეწოლას. შესაძლოა, ადამიანმა ვერ გაუწიოს წინააღმდეგობა ინფორმაციულ ზეწოლას და მისი გონების მანიპულირებას დროებით დაემორჩილოს, მაგრამ ისტორიულად ყველგან დავინახეთ, რომ ასეთი მცდელობები მარცხით დასრულდა და ვფიქრობ, ამას ჩვენთანაც მარცხით დასრულება უწევს. „ახალი ტიპის ქართველი“ არ იქნება. ქართველი აუცილებლად განვითარდება. იგი უნდა განვითარდეს იმ ტრაექტორიით, რომელიც ამოდის ძალიან დიდი კულტურიდან, ჯერ კიდევ შენარჩუნებული, საუცხოო ფასეულობათა სისტემიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ნეგატივებიც, მაგრამ მაჩვენეთ ხალხი, ვისაც ის არ აქვს? ის უარყოფითიც, რაც შემოგვრჩა, იმის ბრალია, რომ კონკურენტული შერჩევისას ეს ნეგატიური სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. რაც უფრო კარგი ცხოვრებისკენ წავალთ, ეს ნეგატივებიც უფრო ნაკლები იქნება.

–  ძალზე ბევრი ხომ არ აღმოჩნდა ძალიან ნეგატიური მოვლენა „კარგი“?

– სამწუხაროდ, ასეა და ეს, როგორც გითხარით, შეხედულებათა სისტემის ბრალია. ის, რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენ ამას სწორედ იმ კონცეფციაში ავსახავთ, რომელიც სამი-ოთხი თვის შემდეგ იქნება წარმოდგენილი. მანამდე კი, თქვენც მოგეხსენებათ, მუშაობის პროცესი აქ ღია და გამჭვირვალეა და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს ეს და მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ უკვე დავასრულეთ კონცეფციის შინაარსზე მუშაობა. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ძალიან დეტალიზებული წარმოდგენა ჩვენ ირგვლივ არსებულ ყველა პრობლემასა და სიტუაციაზე. ამას ჩვენ სიტუაციურ ანალიზში აღვწერთ და ვეცდებით, დავდოთ ისეთი კონცეფცია, რომლის ბადალიც უახლოესი ოცი წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. და ამას რომ შევძლებთ, ამის პრეტენზია ნამდვილად გვაქვს. ჩვენ გვინდა, ქვეყნის განვითარების ერთიანი ხედვის ფარგლებში ვმოქმედებდეთ.

ანუ იგივე ქვეყნის განვითარების ეროვნული კონცეფცია?

– ეს იქნება ქვეყნის განვითარების კონცეფცია. ჩვენ, უბრალოდ, ჩვენს ნაწილს ვაკეთებთ, თუმცა ეკონომიკის გარეშე არც განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე და არც რეგიონულ განვითარებაზე თუ სხვა რამეზეა საუბარი შესაძლებელი. განვითარება  შეუძლებელია, თუ ის საკუთარი კულტურის ფუნდამენტზე არ არის დაფუძნებული. სხვანაირმა განვითარებამ შეიძლება ისეთი ტრაექტორია მიიღოს, ისეთი  დეფორმაციების გამომწვევი, რომელთა შედეგების გასწორებაც უკვე ძალიან ძნელი იქნება.

რატომ უნდა ვთქვათ უარი ქართველებმა იმ ფასეულობებზე, რომლებიც არსებობს და შენარჩუნებულია ჩვენს კულტურაში?! ჩვენ გვინდა ჩვენი, ჩვენი კულტურის განვითარება. იმ საუკეთესოსი, რაც გვაქვს. გვსურს, ვიყოთ მიმზიდველი და ცივილიზებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი. სხვა ამოცანა ხომ არ დგას?! რა საჭიროა სინგაპურიზაცია საქართველოში, როცა მას აქვს საკუთარი განვითარების ტრაექტორია, საკუთარი მიზიდულობის წერტილები.  ჩვენ უკვე ვხვდებით, როგორი შეიძლება იყოს მოსალოდნელი განვითარების ტენდენციები უახლოესი 2-3 ათეული წლის განმავლობაში; სად არის ის გამოწვევები და ისიც  შესანიშნავად ვიცით, რომ ამ გამოწვევებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის კაპიტალის როლის ზრდაა ეკონომიკური განვითარების პროცესში; ტექნოლოგიური განვითარების დაჩქარებაა და... საერთაშორისო მდგომარეობის სწრაფი ცვლილებაა ევროპასა და არაბულ სამყაროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ იქნებ ვეცადოთ, ქვეყნის განვითარების  ის კონცეფცია შევქმნათ, რომლის ცენტრშიც ადამიანი – ჩვენი მოქალაქე იქნება; ადამიანი, რომელიც  საკუთარ სახელმწიფოში თავისი ნიჭისა და უნარის მაქსიმალურ განვითარებას შეძლებს. პოლიტიკის მიზანიც ხომ სწორედ ისაა, გარე მექანიზმების მეშვეობით შევუქმნათ ადამიანებს ის პირობები, რომ საკუთარი შესაძლებლობების განვითარება მოახერხოს.

თუ ადამიანი იქნება შეძლებული და კეთილდღეობაში, სახელმწიფოც  შეძლებული იქნება. აი, იმის მართვა, თუ სულში რას ფიქრობს ეს ადამიანი, აღარ არის უკვე პოლიტიკის საქმე. ეს არ არის გონიერი ადამიანების სამუშაო საქმე. ამიტომ გვინდა, რომ სწორედ ისეთი  სახელმწიფოს მოდელი დაიდოს,  რომელიც განხორციელებისათვის ძალიან ხელშესახები იქნება.

მოკლედ, ჩვენ ქვეყნის განვითარების ალტერნატირულ ხედვას დავდებთ. ის დიდი მიმართულება, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, არის ეკონომიკა მთლიანობაში და გარემოს დაცვა. სოფლის მეურნეობაც ეკონომიკის ნაწილია, მაგრამ მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, ცალკე თემად გამოიყო. 13 იანვარს შედგა ამ ჯგუფის პრეზენტაცია. რაც მთავარია, ჩვენთან უამრავი შესანიშნავი ადამიანი მოდის და ყოველგვარი ხელფასისა და ანაზღაურების გარეშე მზადაა, შემოგვთავაზოს ის ხედვები, რაც წლების განმავლობაში ამა თუ იმ სფეროებში ჩამოუყალიბდათ. სამწუხაროა, რომ მათი ეს ნაფიქრი სახელწიფო დონეზე დღეს გამოყენებული არ არის. მოდიან შესანიშნავი მეცნიერები, რომელთაც უნიკალური დამუშავებები აქვთ და ჩვენ ამის პრეზენტაციებსაც გავაკეთებთ.

ჩემთვის დიდი გამოცანაა, რატომ არ იყენებს ამ პოტენციალს ხელისუფლება. როგორც ჩანს, შეხედულებათა სისტემის ბრალია, როდესაც მათ მიაჩნიათ, რომ ეს ის არ არის, რაც ღირს გამოსაყენებლად. არადა, ეს ზუსტად ის არის, რაზეც შეიძლება სახელმწიფო ეფუძნებოდეს. ალბათ, ამ შეხედულებების ბრალია, რომ წლების განმავლობაში ხორციელდება ასაკობრივი სეგრეგაცია, რომელიც დამღუპველია ყველასათვის – ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებაში მყოფთათვისაც. დროში თუ დავინახავთ არსებულ პრობლემას, ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკური ძალისათვისაც დამღუპველია. ხელისუფლებას არ აქვს უფლება, გაავლოს ასეთი „წითელი ხაზი“ და დაახარისხოს ადამიანები. მაპატიეთ ცოტა მძიმე შეფასებისთვის, მაგრამ დრო, პროფესიონალიზმისადმი დამოკიდებულება და უნარი, დაიხარჯო  წარმატებისთვის, თავისთავად ახარისხებს ადამიანებს. ასეთია სასტიკი, როგორც იტყვიან, ერთი მხრივ, დემოკრატიაზე აგებული, მეორე მხრივ კი, საბაზრო, ცივილიზებულ, თანამედროვე, კანონს დაქვემდებარებული სახელმწიფოები.

როგორი კეთილი ადამიანიც უნდა იყოს, არსებობს პრობლემები უნარებში, პროფესიონალიზმში. დამატებით ჩარტყმა ადამიანებისთვის,  მათი მოსროლა ცხოვრების განაპირა სექტორებში, საკუთარი ცხოვრების ადამიანურად განვლის  პერსპექტივის დაკარგვა ადამიანის წინაშე ჩადენილ უდიდეს დანაშულად მიმაჩნია. მე არ მესმის იმ ექსპერიმენტის არსი, რაც საქართველოში ხდება. შედეგი რა უნდა იყოს? თუ დამეხმარებით და მომიძებნით ფორმულირებას – შედეგი რა უნდა იყოს, მადლობელი დაგრჩებით! – განვითარებული ქვეყანა?.. მაშინ, მოდი, დავსვათ აქ კითხვა: „რა არის განვითარება?“ დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვვითარდებით, მაგრამ რა ვითარდება?!  ვნახოთ მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა, განათლების დონე, შემოსავლები, ხარჯები, სიღარიბის მდგომარეობა და ა.შ. თუ რაღაც კრიტერიუმებს არ ავიღებთ, მაშინ წმინდა რიტორიკულ დონეზე შეიძლება ვისაუბროთ, რომ ჩვენ ისეთ რამეს ვაკეთებთ, რომ ვვითარდებით. მაშინ უნდა მითხრათ, რას ნიშნავს განვითარება. ახლა ამ კითხვაზე პასუხი, მერწმუნეთ, არ არსებობს! არსებობს ოფიციალური დემოგრაფიული მონაცემები, რომლებიც გეუბნება, თუ რა კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ უფრო სიცოცხლისუნარიანი და ინსტინქტგამძაფრებული ერი რომ ვიყოთ, არსებულ მდგომარეობაზე კივილს უნდა ვტეხდეთ, რადგან, როგორი კარგი ხელისუფლებაც უნდა იყოს, თუ დემოგრაფიული ვარდნის პროცესი არ შეჩერდა, ამას დროში თავისი გამოხატულება ექნება. ტენდენცია უკვე არის – უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში ბუნებრივი მატება ათჯერაა შემცირებული. ცხადია, შექმნილი მდგომარეობა ორ-სამ ანდა ხუთ წელიწადში ვერ გასწორდება, მაგრამ ცხოვრების პირობების შეცვლამ, კონცეპტუალურად სხვა სახელმწიფოს სხვა მოდელზე აგებამ, სხვა პოლიტიკამ ეკონომიკაში, განათლებაში და ჯანმრთელობის დაცვისადმი დამოკიდებულებამ, ანუ იმან, რასაც სახელმწიფოს საბაზისო ფუქციები ჰქვია და რომელიც არავის გაუუქმებია მთელ მსოფლიოში, თანდათანობით შედეგი უნდა მოიტანოს. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არავის უთქვამს ხელისუფლების მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, რომ სახელმწიფოს საბაზისო ფუნქციები გაუქმებულია, ანდა მათი სრული პრივატიზება შესაძლებელია!

ვფიქრობ, ჩვენ პირველი სახელმწიფო ვართ, რომელიც ვამბობთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს საბაზისო ფუნქციები არის მხოლოდ ის, რაც ჩვენს მთავრობას წარმოუდგენია და სხვა აღარაფერი გვაინტერესებს.

თუ სახელმწიფოს მისი საბაზისო ფუნქციებისადმი დამოკიდებულება არ აინტერესებს, მაშინ ბუნებრივი კვდომის პროცესი, რა თქმა უნდა, შეუქცევადი იქნება. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ვერ ვხედავ ზრდის პოტენციალს. თუ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია ასეთნაირად განვითარდა, ყველა აქამდე გატარებული ღონისძიება არანაირ შანსს არ ტოვებს იმისა, რომ რაიმე რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მომავალ წელს, ექვსის ნაცვლად, შეიძლება რვა პროცენტი იყოს ან შვიდი. ეს არაფერს ცვლის. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება კრიზისული მოვლენები ევროპაში. არ ვიცით, კრიზისის მეორე დაწყებულ ეტაპზე რა მოხდება. ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყნებზე დიდად დამოკიდებული სახელმწიფო ვართ და  დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად საკუთარი თავის რჩენა დღეის მდგომარეობით აღარ შეგვიძლია. მაშინ, როცა ყველანაირი პოტენციალი გვაქვს იმისათვის, რომ, ძირითადად, თვითკმარი სახელმწიფო ვიყოთ.

ჩვენი კონცეფცია სწორედ აქეთ არის მიმართული, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული  ის რესურსი, რასაც საქართველო ფლობს. საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი ქართველი კაცია – საქართველოს მოქალაქე, რომელიც, რა ეროვნებისაც უნდა იყოს, ამ სახელმწიფოს ორგანული ნაწილია. სწორედ ამ ადამიანური რესურსის განვითარებაში დევს დღეს ეროვნული პოტენციალი, პოტენციალი, რომელიც დღეს უგულებელყოფილი და გამოუყენებელია. განათლების საერთო დონე, რომლის შედეგიც დღეს დამდგარია სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ამ ახალგაზრდებს არანაირ პერსპექტივას არ უტოვებს რაიმე დონის კონკურენტუნარიანი სპეციალობის ათვისებისა და მაღალი პროფესიონალური უნარ-ჩვევების სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის.

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საქინფორმი