თბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზნად თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა, მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის (რწმუნებულის) უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელებაა დასახელებული.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დასაფინანსებლად 2012 წლის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც მთავრობის დადგენილების გათვალისწინებით, შემდეგნაირად ნაწილდება: არაუმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის – 2 000 ლარი; 51-დან 200 სულამდე სოფლისათვის – 4 000 ლარი; 201-დან 400 სულამდე სოფლისათვის – 5 000 ლარი; 401-დან 1 000 სულამდე სოფლისათვის – 8 000 ლარი; 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი.დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლებელია, დამატებით საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახსრებით დაფინანსდეს.
თანხის გამოყენების მიზნობრიობა შესაბამისი სოფლის მოსახლეობასთან მხოლოდ წინასწარი კონსულტაციის შემდეგ განისაზღვრება. წინასწარი კონსულტაციის გამართვას რწმუნებული უზრუნველყოფს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის გამოკითხვას ატარებს, ორგანიზებას უწევს სოფლის კრების გამართვას, აწყობს საჯარო განხილვებს და მოსახლეობასთან პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობას ათანხმებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.