საზოგადოება
თბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვილებებს პარტია დისკრიმინაციულად მიიჩნევს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საარჩევნო წელს პარტიების სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსება გამოიყოფა. შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 30-ე მუხლს დაემატება, რომელიც კანონპროექტის სახით პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული. ამ თანხებს მხოლოდ ის პოლიტიკური გაერთიანებები მიიღებენ, რომლებიც უკანასკნელი საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით დაფინანსებას უკვე იღებენ.„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები დისკრიმინაციულია პოლიტიკურ პარტიათა იმ ნაწილის მიმართ, რომლებმაც უკანასკნელ არჩევნებზე ვერ მიიღეს სახელმწიფო დაფინანსებისთვის საკმარისი ხმათა რაოდენობა, თუმცა ამ დროისთვის სარგებლობენ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით. სახელმწიფო ვალდებულია, თანაბარ პირობებში ჩააყენოს საარჩევნო სუბიექტები და გამორიცხოს ყოველგვარი დისბალანსი საარჩევნო კამპანიისას.
„თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს, სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის თანაბრად გამოიყოს.