თბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს რეკომენდაციით მიმართავს, შეისწავლოს მოქალაქე ვახტანგ გოგოლაძისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების საკითხი და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.
ომბუდსმენს განცხადებით მიმართა მოქალაქე ვახტანგ გოგოლაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა კანონიერად, რის გამოც ირღვეოდა მისი უფლებები. სახალხო დამცველი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონული ცენტრის საგადასახადო მოთხოვნა მიღებული და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, რაც, თავის მხრივ, არღვევს ვახტანგ გოგოლაძის კანონიერ უფლებებს.ტუღუშის აპარატის ინფორმაციით, 2007 წლის 15 ნოემბერს ინდმეწარმე ვახტანგ გოგოლაძეს (ფირმა „სავანელი“) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის წერილით ეცნობა, რომ მას ბიუჯეტის წინაშე ერიცხება საგადასახადო დავალიანება 1219121 ლარის ოდენობით. გოგოლაძეს მასზე რიცხული საგადასახადო დავალიანების ნაწილი დარიცხული ჰქონდა შპს „მუსიკალური ფონდის“ მოთხოვნით. კერძოდ, შპს „მუსიკალურმა ფონდმა“ თხოვნით მიმართა ბორჯომის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას, ფირმა „სავანელთან“ სასამართლო დავის დამთავრებასთან დაკავშირებით, 1993-1999 წლის ნოემბრამდე ბორჯომის კომპოზიტორთა შემოქმედებით სახლზე რიცხული დავალიანების გადაწერა განხორციელებულიყო ზემოაღნიშნულ ფირმაზე.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა არ შეიცავს ნორმას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ერთი გადამხდელის განცხადების საფუძველზე მასზე რიცხული საგადასახადო დავალიანების მეორე პირისათვის დარიცხვა. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის თავად საგადასახადო სისტემის პრინციპებთან. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ვახტანგ გოგოლაძის მიერ მოწოდებულ საქმის მასალებში არ მოიპოვება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შპს „მუსიკალური ფონდის“ სარჩელი საგადასახადო დავალიანების ინდმეწარმე ვახტანგ გოგოლაძისათვის გადაწერის შესახებ დაკმაყოფილდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, დავების საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ინდმეწარმე ვახტანგ გოგოლაძის საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონს, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდი წარმოადგენდა ამნისტრირებულ პერიოდს და მისი შემოწმება კანონით აკრძალული იყო“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.