საზოგადოება
„ქართული ოცნების“ პასუხი კონტროლის პალატას

1qartuli-ocneba111თბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, კონტროლის პალატა საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ თვალთმაქცურ გარიგებებში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელითაც მან მოძრაობას მიმართა. განცხადების მიხედვით, შპს „ელიტა ბურჯსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთგადარიცხვები კანონის დარღვევით განხორციელდა. საუბარია 1 100 000 ლარზე.

აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“. როგორც მოძრაობიდან საქინფორმს აცნობეს, მათ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 25 იანვარს საზოგადოებრივმა მოძრაობა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კონტროლის პალატისაგან მიიღო წერილი, რომლითაც კონტროლის პალატას აქვს უკანონო მცდელობა, ხელყოს საზოგადოებრივი მოძრაობის საკუთრება. კერძოდ, კონტროლის პალატა მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ ნებაყოფლობით უარი თქვას მის საკუთრებაში არსებულ 1 100 000 ლარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება ამ თანხის კონფისკაციით და მისი ათმაგი ოდენობით დაჯარიმებით.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ, ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა უახლოეს დღეებში ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენ წინააღმდეგ“.