პოლიტიკა
პარტიების სატელევიზიო რეკლამები ბიუჯეტიდან დაფინანსდება

kublashvili-palikoთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე  პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პარტიებისთვის დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის დაპირება მის მიერ ჯერ კიდევ გასულ წელს დაფიქსირდა და, შესაბამისად, ამ დაპირების რეალიზაციაც მოხდება.

დეპუტატის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გარკვეული შედეგი აჩვენეს, საარჩევნო წლის განმავლობაში სატელევიზიო რეკლამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით თანხას მიიღებენ. კერძოდ, ასეთი პარტიები არიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და მასთან ბლოკში მყოფი კიდევ ორი პარტია – „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ და „ჩვენ თვითონ“ (ახლანდელი „ევროპელი დემოკრატები“), თვითმმართველობის არჩევნებში ერთ ბლოკად გაერთიანებული პარტიები – „თავისუფალი დემოკრატები“, „მემარჯვენეები“ და „რესპუბლიკელები“, ეროვნულ საბჭოში შემავალი – ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის პარტიები, ასევე, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ და „მრეწველები“.

ამასთან, კუბლაშვილი არ აკონკრეტებს, რა ოდენობის თანხა იქნება აღნიშნული პარტიებისთვის გამოყოფილი და რა პრინციპით გადანაწილდება.  ასევე, უცნობია, ბიუჯეტის რომელი მუხლიდან გამოიყოფა ფინანსები პარტიებისთვის, სავალდებულო იქნება ამ თანხის მხოლოდ სატელევიზიო რეკლამებზე დახარჯვა, თუ შესაძლებელი იქნება მისი რადიოზე ან გაზეთებზე გადანაწილება.

რაც შეეხება თავად ცვლილებას, ის „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს, რომლის ინიცირებაც უახლოეს დღეებში მოხდება, განხილვას კი პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე  დაიწყებს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.