სამართალი
თბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. ათამდე ვეტერანმა ავიატორმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან შიმშილობის აქცია დაიწყო. ისინი ქვეყნის პირველ პირს ორი მოთხოვნით მიმართავენ : ყოფილი ავიატორების შესახებ სახელმწიფომ საპენსიო კანონი მიიღოს და ხელისუფლებამ დაფაროს წლების განმავლობაში დაგროვილი გაუცემელი კომპენსაციები, რომელთა გადახდაც უზენაესმა სასამართლომ სწორედ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას დააკისრა.
„ჩვენ პენსიას არ ვიღებთ. ვიღებთ 108 ლარიდან 135 ლარამდე კომპენსაციას, რომელიც წამალშიც კი არ გვყოფნის. ვითხოვთ, მიიღონ ყოფილი ავიატორების მიმართ საპენსიო კანონი, რათა პენსიის სახით დამატებითი შემოსავალი გაგვიჩნდეს. ჩვენ მათხოვრები არ ვართ და მიხეილ სააკაშვილს კი არ ვთხოვთ, არამედ მისგან მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ყოფილმა მფრინავმა, ხომალდის მეთაურმა იბრაგიმ ვარლიანმა.ვეტერანი ავიატორების მოთხოვნას მხარდაჭერა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა გამოუცხადეს, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ.
ლორთქიფანიძე გაუცემელი კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით ყოფილ ავიატორებს დახმარებას დაჰპირდა.
„საქმე ეხება წლების წინათ დარიცხულ დავალიანებას, რომლის სამართალმემკვიდრედ უზენაესმა სასამართლომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მიიჩნია და მისი დაფარვა სწორედ მას დაავალა, თუმცა კომპენსაციების გადახდა ამ დრომდე არ დაწყებულა. საუბარია რამდენიმე ასეული ათასი ლარის დავალიანებაზე, რომელსაც 200-მდე ვეტერანი ავიატორი ელოდება. ჩვენი მიზანია, მათ ეს კომპენსაცია სიცოცხლეში მიიღონ, რადგან მათი რიცხვი ყოველდღიურად მცირდება“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.