აქტუალური
თბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. დღეს სამდღიანი ვიზიტით საქართველოს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ბიუროს დირექტორი ეწვევიან.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო პროგრამები და პროექტები შემუშავდეს.გარდა ამისა, შეფასდება ის არსებული პროექტები, რომლებიც აქამდე ხორციელდებოდა. კალანდაძის თქმით, გაეროს განვითარების პროგრამა უკვე ორი ათეული წელია, რაც საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.
„ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვისა და განათლების სფეროს, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაეროს განვითარების პროგრამის განხორციელების პერსპექტივებზე საუბარი. გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა კალანდაძემ.