პოლიტიკა
თბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირადი მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაემგზავრა. საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის ოფიციალური შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ ოთახში მიმდინარე წლის 30 იანვარს გაიმართება.
იმავე ინფორმაციით, ობამასთან შეხვედრამდე მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სამიტის (Basecamp) მუშაობაში, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი საგანგებოდ მიიწვიეს. კონფერენციას, რომელიც კალიფორნიაში 27-30 იანვარს გაიმართება, მსოფლიოს უდიდესი ინვესტორები და ბიზნესლიდერები ესწრებიან.ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვითაც მიმართავს. გამოსვლის თემაა „ტირანიის ნგრევა და დემოკრატიის შენება: საქართველოში „ვარდების რევოლუციისგან“ ნასწავლი გაკვეთილები“.
P.S. საინტერესოა, რას იტყვის სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში ხშირად ადანაშაულებენ არათუ ტირანიის ნგრევასა და დემოკრატიის შენებაში, არამედ პირიქით – დემოკრატიის განვითარების გზების ნგრევასა და ტირანიის შენებაში.