პოლიტიკა
ევროსაბჭოს ახალი უმაღლესი კომისარი ჰყავს

NILS_MUIZNIEKSთბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დამცველი ახალი უმაღლესი კომისარი ჰყავს. თომას ჰამერბერგი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ლატვიელმა დეპუტატმა ნილ მუიჟნექსმა შეცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები სტრასბურგიდან იუწყებიან, პირველი ბრიფინგი ახალმა უმაღლესმა კომისარმა გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან-კლოდ მინიონთან ერთად გამართა და საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. შეკითხვაზე, თუ რომელ ქალაქში ჩავა პირველად – მინსკში, კიევში, მოსკოვში თუ ბუდაპეშტში, მუიჟნექსმა უპასუხა: მინსკში.

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე – რა იცის საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ვითარების შესახებ, ახალმა კომისარმა თქვა, რომ ის 2007 წელს ჩართული იყო ევროკავშირის დელეგაციაში და კონფლიქტების პრევენციის ჯგუფში მუშაობდა. „ვყოფილვარ თბილისში, ვიცნობ საქართველოს, მაგრამ ვაპირებ, გავიგო უფრო მეტი“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში მიმდინარეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტი ასამბლეა, რომელიც 27 იანვრამდე გაგრძელდება.