თბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 25 იანვარს განაცხადა, რომ მისი სურვილია, ქართველ ხალხთან გაუცხოების ფაზა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუმცა მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელსაც კი არ გაუწვდის.
„ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ იმისათვის, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ. ჩვენ ხომ არ გაგვიწყვეტია“, – განაცხადა მედვედევმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრაზე.
„მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელთანაც არ მინდა საქმის დაჭერა, თავად გესმით, ვისზეც მაქვს საუბარი, მე მას არ შევხვდები და ხელსაც არ გავუწვდი“, – იტყობინება „იტარ-ტასი“ მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით. მას მხედველობაში პრეზიდენტი სააკაშვილი ჰყავდა, რომელსაც პრეზიდენტმა მედვედევმა 2008 წელს „პოლიტიკური გვამი“ უწოდა.„რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს, რაც შეეხება მთელ ქართველ ხალხს, ძალიან მინდა, რომ ეს გაუცხოების ფაზა რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა ამ კუთხით, კერძოდ კი, აღდგა ფრენები ორ ქვეყანას შორის. მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის გაწევრება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სავაჭრო ბრუნვას გაააქტიურებს.
„საჭიროა, გამარტივდეს ხალხთა შორის კონტაქტები, მაგრამ აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ქმედებები განხორციელდეს“, – განაცხადა მან.
ამავე დროს, გუშინ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთი იმ შემთხვევაშიც არ დაელაპარაკება თბილისს, თუ საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვა, რადგანაც მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ სამართლებრივი ჩიხი შექმნა და ახლა რუსეთის ხელისუფლებამ, უბრალოდ, არ იცის, რაზე ისაუბროს.
საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ვაშაძის გამოსვლის შემდეგ დასმული კითხვების უმეტესობა ამ კონფლიქტურ რეგიონებთან და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებს ეხებოდა. ერთ-ერთი ასეთი კითხვის საპასუხოდ ვაშაძემ განაცხადა: „რუსეთის ფედერაცია ღიად აცხადებს უარს – აღიაროს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ იმ ხელისუფლებასთან საუბარს, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია“.
„და მერწმუნეთ, იმის გარანტიას გაძლევთ, რომ როდესაც ჩვენ 2012 და 2013 წლებიდან შემდეგი ხელისუფლება გვეყოლება, რუსები იმ ხელისუფლებასთან საუბარზეც უარს იტყვიან და იცით, რატომ? რადგანაც მათ, უბრალოდ, არ იციან, რაზე ისაუბრონ“, – განაცხადა ვაშაძემ.
„რუსეთის 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებამ [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე რუსეთის ფედერაცია, საქართველო და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა აბსოლუტურად კატასტროფულ სამართლებრივ ჩიხში მოაქცია და ჩვენს რუს პარტნიორებს არ სურთ საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების შესრულება და მათ სხვანაირად, უბრალოდ, არც შეუძლიათ. ასეთია ვითარება“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.