პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონის ლიდერი აღარ არის
თბილისი, 26 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ – 2011 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონის ლიდერი აღარ არის. „საქართველომ სამხრეთ კავკასიაში ლიდერის პოზიცია გასული წლის მაისში ძალადობით ოპოზიციის მიტინგის დაშლისა და იმ მუდმივი ზეწოლის გამო დაკარგა, რომელსაც რუსეთის მიმართ სიმპათიებით განწყობილ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე ახორციელებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
საქართველო 38 ქულით 104-ე ადგილზეა. იქვე მინიშნებულია, რომ გასულ წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი შემცირებულია. ანგარიშში გაზრდილია სომხეთის მაჩვენებელი და ის სიის 77-ე ადგილზეა. რუსეთის ფედერაცია 66 ქულით რეიტინგის 142-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი 87,25 ქულით – 162-ზე.
პრესის თავისუფლების რეიტინგში 10 ქულით ფინეთი ლიდერობს, ბოლო – 179-ე ადგილზე კი ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფი ერითრეაა, რომელმაც 142 ქულა მიიღო.