სამართალი
ლინკოლნ მიტჩელი: „საქართველო სადღაც შუაშია“

mitcheli-interviu-11თბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. „Eurasiareview“ საქართველოში დემოკრატიის პროგრესზე კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელ ლინკოლნ მიტჩელთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის დასაწყისში მაიკლ ჩეჩირე „Freedom House“-ის დოკუმენტზე საუბრობს, სადაც შეფასებულია თავისუფლების ხარისხი მთელ მსოფლიოში 2012 წლისთვის. „საქართველოს რეიტინგი 2011 წლის შემდეგ არ შეცვლილა – პოლიტიკური თავისუფლებანი შეფასებულია ციფრით „4“, ხოლო სამოქალაქო უფლებანი – „3“-ით. შეფასებათა გრადაცია 1-დან 7-მდეა და 1-ით აღნიშნება ყველაზე მაღალი ხარისხის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონული ლიდერია და ყველაზე ქმედითი კავკასიური ქვეყანაა, თბილისის მაჩვენებლები ბოლო ათი წლის განმავლობაში, ძირითადად, სტაგნაციის მდგომარეობაში რჩება.

ერთხელ „Freedom House“-მა მას ელექტორალური დემოკრატიის წოდება მიანიჭა, მაგრამ 2009 წელს, 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მან ეს სტატუსი დაკარგა“, – წერს მაიკლ ჩეჩირე.

ლინკოლნ მიტჩელს, პოსტსაბჭოთა გარდამავლობის ექსპერტსა და საქართველოში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, ავტორი აღნიშნულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ესაუბრება.

„ვარდების რევოლუციის“ შემდგომი საქართველოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი ისაა, რომ იმ დროს, როდესაც მათ გააუმჯობესეს მართვა, შეამცირეს წვრილმანი კორუფცია, ბიუროკრატია და სხვა ამგვარი მოვლენები, მათ ძალიან ცოტა რამ გააკეთეს ხელშესახები დემოკრატიული რეფორმების ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს, მაგრამ შეცდომაა იმის დაშვება, რომ ამ კარგმა საქმეებმა საქართველო უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად აქცია. მედიის თავისუფლების მუდმივი პრობლემა, სახელმწიფო ძალაუფლებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, აღმასრულებელი ხელისუფლების დომინირება, ოპოზიციის დევნა და სხვა ამგვარ პრობლემებთან დაკავშირებული ვითარება ამ ბოლო წლებში არ შეცვლილა. მე ვეთანხმები „Freedom House“-ის შეფასებას, საქართველო არც დემოკრატიული ქვეყანაა და არც – ავტორიტარული, ის სადღაც შუაშია. ამიტომაც დაიმსახურა მან „ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის“ რეიტინგი“, – აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი ინტერვიუში.

მისივე თქმით, იგი „ოპტიმისტურად არ უყურებს ამ მაჩვენებლების გამოსწორების შესაძლებლობას“.

„Eurasiareview“-ის ინტერვიუს ქართულ ვერსიას Foreignpress.ge ავრცელებს.