„ყველას იბარებენ და არჩევანის წინაშე აყენებენ. მოთხოვნა ასეთია: ან წავლენ ავღანეთში, ან პატაკი უნდა დაწერონ, რა შემთხვევაშიც ჯარისკაცი კონტრაქტს არღვევს და ჯარიმის სახით 28 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. როგორც ვიცი, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს სამხედროებს, რომელთაც წასვლაზე უარი თქვეს, პატაკი ძალით დააწერინეს, შემდეგ კი ისინი მთელი დღე-ღამის განმავლობაში გამოკეტეს, აშიმშილეს და მხოლოდ მეორე დღეს გაუშვეს სახლებში. ამ ადამიანებს უკვე ეკისრებათ ჯარიმის გადახდა. იყო კიდევ ერთი შემთხვევა. კერძოდ, 21 წლის ბიჭმა, იმ მიზეზით, რომ დედა ავადმყოფი ჰყავს და მის მეტი ვერავინ მოუვლის, წასვლაზე უარი თქვა და სთხოვა ხელმძღვანელობას, არ დაევალდებულებინათ, თუმცა მათი მხრიდან პასუხად ლანძღვა-გინება მიიღო – „მიგვიფურთხებია, დედა გყავს ავად თუ რა პრობლემა გაქვს“... მოკლედ, კონტრაქტზე მყოფ სამხედროებს აშანტაჟებენ და ავღანეთში წასვლას აიძულებენ“, – ამბობს ინფორმირებული ინკოგნიტო წყარო.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ საქინფორმი თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროს სალომე მახარაძესაც ესაუბრა, რომელმაც კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედროებს ავღანეთში წასვლას ავალდებულებენ.