თბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებს, გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს – ეკატერინე ხვედელიძეს, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გასაჩივრების ვადა 24 იანვარს ამოიწურა.როგორც საქინფორმის მკითხველებმა იციან, საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა და ბათილად იცნო პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც ხვედელიძეს მოქალაქეობა ჩამოერთვა.
რაც შეეხება ივანიშვილს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგა და პრეზიდენტის 11 ოქტომბერს გამოცემული აქტი ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ძალაში დარჩა.
ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის 11 ოქტომბრის № 602 ბრძანებულებით შეუწყდათ.