თბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტის ორგანიზაციული სტრუქტურა, სპეციალური პროცედურები, რეგლამენტი, ინფორმაციის წყაროები და საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტებმა.
„საკანონმდებლო პროცესი და მონაწილეობა“ – ტრენინგი, რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოს 25 ჟურნალისტი მონაწილეობდა, 21-22 იანვარს ბაზალეთში „IREX“-ის „G-MEDIA“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა.კონსტიტუციის სამართლის ექსპერტმა ზურაბ ჯიბღაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად განუმარტა პარლამენტის სტრუქტურა, კომიტეტებისა და ფრაქციების ფუნქციები. საიას იურისტებმა თათული თოდუამ და ლინა ღვინიანიძემ კი ყურადღება გაამახვილეს საკანონმდებლო პროცესზე. ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ მიიღება კანონები, რა განსხვავებაა საკანონმდებლო წინადადებასა და ინიციატივას შორის, მიმოიხილეს ის პროცედურა, რასაც კანონპროექტი გადის კანონის გამოქვეყნებამდე. მათ ჟურნალისტებს ის ინტერნეტრესურსები გააცნეს, სადაც დეპუტატების საქმიანობის, კანონებისა და კანონპროექტების მოძიებაა შესაძლებელი. ტრენინგის ბოლო ნაწილში კი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა დარეჯან პაატაშვილმა კოლეგებს საკანონმდებლო პროცესების გაშუქების სპეციფიკაზე ესაუბრა. მისი თქმით, საპარლამენტო საკითხების გაშუქებისას მნიშვნელოვანია ჟურნალისტთა კოორდინირებული მუშაობა.
„როდესაც პარლამენტში მომუშავე საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტები კანონპროექტის იმ ნაწილის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც ძირეულ ცვილებებს იწვევს, საჭიროა მედიის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ პარლამენტში არ იმყოფება, აქტიურად გამოეხმაუროს და უკვე ანალიტიკური მასალა მოამზადოს, თუ როგორ აისახება ეს ცვლილება მოსახლეობაზე“, – აღნიშნა დარეჯან პაატაშვილმა.
ტრენინგის მონაწილეების თქმით, პარლამენტის საქმიანობის, რეგლამენტისა და პროცედურების ცოდნა შესაძლებლობას მისცემთ, უკეთესად შეამჩნიონ დარღვევის შემთხვევები.
„ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა ხშირად ხდება ხოლმე დისკუსიის საგანი, რამდენად გამჭვირვალედ მიიღო პარლამენტმა ესა თუ ის კანონი. როცა ამ თემაზე შესაბამისი ცოდნა გაქვს, მასალა უფრო კვალიფიციურია“, – უთხრა „media.ge“-ს სტუდია „მონიტორისა“ და ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტმა სალომე ცეცხლაძემ, რომელიც ტრენინგში მონაწილეობდა.
საია დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებისთვის ამ თემაზე ტრენინგს მომდევნო კვირას გამართავს.
Media.ge