სამართალი
დევნილთა გამოსახლების დროს საერთაშორისო სტანდარტები დაირღვა

viselenie-bejencevთბილისი, 25 იანვარი, საქინფორმი. „Human Rights Watch“ საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ხელისუფლებამ დევნილების გამოსახლების დროს საერთაშორისო სტანდარტები არ გაითვალისწინა.

„2010 წლის ივნისიდან ხელისუფლებამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დროებითი საცხოვრებელი ფართებიდან დევნილთა გამოსახლება დაიწყო გრძელვადიანი დასახლების პრობლემის მოსაგვარებლად. ამ დროს ხელისუფლებამ დაარღვია საერთაშორისო სტანდარტები, რადგან არ წამოიწყო ჭეშმარიტი კონსულტაციები დევნილებთან, რომელიც ხელს შეუწყობდა შეთანხმებას კომპენსაციის ან ადეკვატური საცხოვრებელი ფართის შესახებ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს 1990 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ 246 000 დევნილი ჰყავს.

„2010 წლის ბოლოს საქართველომ გაიარა კონსულტაციები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან, რასაც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში წინსვლა მოჰყვა. თუმცა პროცესი ამ დროისთვის მაინც ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს“, – ნათქვამია ანგარიშში.