„რამდენიმე დღის წინათ ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფმა ბიზნესმენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს მართლმადიდებლური რელიგიის მიმართ უპატივცემულობა და ამჯერად საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კაზინო-სამორინე „შანგრილა“ გახსნეს. ეს ის დაწესებულებაა, რომლის საქმიანობაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, ეწინააღმდეგება ქრისტიანული რელიგიის მოძღვრებას და მისი განთავსება მართლმადიდებლური სამღვდელოების მთავარ ცენტრთან ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.
„თავისუფალი საქართველო“ გმობს მართლმადიდებლური რელიგიის მიმართ, ისევე, როგორც სხვა კონფესიების მიმართ „ლიბერალიზმის“ ნიღაბს ამოფარებულ უპატივცემულობის გამოვლინებებს. პარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია, ცალკეული ჯგუფის კომერციული ინტერესების ხარჯზე საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, აღკვეთოს მსგავსი გამოვლინებები და მიმართავს პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგაზაციებსა და საქართველოს მოსახლეობას, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.