აქტუალური
„ქართული ოცნების“ პრესსამდივნოს განცხადება

gancxadeba4თბილისი,25 იანვარი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, ბიძინა ივანიშვილი ეხმიანება საჩხერეში 2012 წლის 13 იანვრის ღამეს საახალწლო კონცერტის მსვლელობისას მომხდარ ინციდენტს და მიმართავს ყველა დაშავებულს და თავის მხარდამჭერს.

„სრულიად აღმაშფოთებელია სამართალდამცველი სტრუქტურების უკანონო მოქმედება და  პირდაპირი ძალადობა, რასაც, ბუნებრივია, მოჰყვება ჩვენი მხრიდან შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება კანონის ფარგლებში. ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული და სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც უახლოეს ხანში მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ყველა ჩვენი მხარდამჭერისა და თითოეული დაჩაგრული ადამიანის გაცილებით ეფექტიანი და ქმედითი დაცვა პოლიტიკური რეპრესიებისაგან. მანამდე კი, თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანად, არჩევნების გზით წარმატების მიღწევა: გამოიჩინონ სიმშვიდე, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აჰყვნენ შესაძლო პროვოკაციებს.

ასევე, მივმართავთ სამართალდაცვის ორგანოების წარმომადგენლებს –  პატივი სცენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ხელი აიღონ უკანონო ბრძანებების შესრულებაზე და თავიანთი მოქმედებით ნუ გამოვლენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ყველა პასუხს აგებს არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ კანონის წინაშე, არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერთან, არამედ თავისუფალ სასამართლოში. ნუ აჰყვებით საგანგებოდ გავრცელებულ ჭორებს, თითქოს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში თქვენ პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ მოჰყვებით. პირიქით, ჩვენ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლას იმიტომაც ვაპირებთ, რომ სამართალდაცვის სტრუქტურები გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან და არ მოუწიოთ პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო ბრძანებების შესრულება. ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც კანონებით იმართება და არა პოლიტიკური ლიდერების ნება-სურვილით“, – ნათქვამია მიმართვაში.