თბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი ჯიხური დღეს, დილის 8-ის ნახევარზე, აიღო და ჯიხურის მეპატრონეები 10 ათასი ლარით დააჯარიმა.
„დღეს დილაადრიან, სავარაუდოდ, 8-ის ნახევარზე, მეზობლები შემოგვეხმიანენ, თქვენს ჯიხურებს ანგრევენო“, – ამბობს ერთ-ერთი ჯიხურის მეპატრონე ნანა გეჯაძე.
საავადმყოფოსთან არსებულ ჯიხურში სიგარეტი, გამაგრილებელი სასმელები და ტკბილეული იყიდებოდა.
ჯიხურის მეპატრონე მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ ეს გადაწყვეტილება „ნუგეშის“ ჯიხურის გამო მიიღო.„აქვეა ეს „ნუგეშის“ ჯიხურიც, როგორ შევეჯიბრებოდით მას. სავსეა პროდუქტით, მაგრამ მაინც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის. რომ დოკუმენტაცია თავის სასარგებლოდ შეეთითხნათ, თითქოს უნებართვოდ ვართ მთელი ეს პერიოდი და 10 000-ლარიანი ჯარიმით გვაჯარიმებს სამშენებლო საქმიანობს დარღვევისთვის, რომელიც 30 დღეში უნდა დავფაროთ“, –ამბობს გეჯაძე.
აღნიშნული ჯიხურების საქმეს მერიის ზედამხედველობის სამსახური ეხმაურება. სამსახურის ინფორმაციით, ჯიხურები დღეის მდგომარეობით განთავსებულია თვითნებურად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
ჯიხურის მეპატრონეები ამბობენ, რომ სამართლებრივ დავას ისინი მაინც გააგრძელებენ.