პოლიტიკა
თბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. „შარშან საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება არაერთგვაროვანი დარჩა“, – განაცხადა უფლებადამცავმა ორგანიზაცია „Human Rights Watch“-მა თავის ყოველწლიურ ანგარიშში. მასში 2011 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ტენდენციები მიმოიხილება.
საქართველოსთან მიმართებაში ანგარიშში წუხილებს შორის ჩამოთვლილია პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება მაისში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დაშლის დროს, „შეკრებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა“, დევნილთა ძალადობრივი გამოსახლება თბილისის დროებითი თავშესაფრებიდან, ასევე, შრომითი უფლებების დარღვევა, კერძოდ, ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშების გაფიცვის დროს.„Human Rights Watch“-ის ანგარიში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის შესახებ, როგორც საქინფორმის მკითხველებმა იციან, იანვრის დასაწყისში გამოქვეყნდა.
ახლანდელ ანგარიშში კი ნათქვამია, რომ, მართალია, ამერიკამ და ევროკავშირმა გააღრმავეს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან, მაგრამ მათ ვერ შეძლეს თავიანთი ბერკეტების გამოყენება საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააღრმავეს თავიანთი ჩართულობა და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან. მაშინ, როდესაც ორივე მათგანმა გამოთქვა წუხილები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, არცერთმა არ გამოიყენა ურთიერთობების გაღრმავების პროცესი ადამიანის უფლებათა კონკრეტული გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ანგარიშში.