სამართალი
ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი სააპელაციო სასამართლოში ინაცვლებს

biz39თბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. ბიზნესმენის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა, დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მისი თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრება შუადღისთვის იგეგმება.

„პრეზიდენტ სააკაშვილს ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, სავარაუდოდ, დღეს ეწურება. ჩვენს მხარეს სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილება 10 იანვარს ჩაბარდა და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხარესაც ჩაბარდებოდა. გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა სამოტივაციო გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან იწყება და ეს ვადა დღეს იწურება. არ ვიცი, ამ ეტაპზე გაასაჩივრეს თუ არა, ჩვენ კი დღეს, შუადღეს, ივანიშვილის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – განაცხადა კბილაშვილმა.